თბილისი, 10 დეკემბერ – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხუთშაბათს არ გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თვეზე მეტია იმართებოდა. ამ დროის განმავლობაში შუამავლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიციური პარტიები, ეღიარებინათ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ხელისუფლება კი – წასულიყო დათმობებზე. დღეს მოლაპარაკებების მეხუთე, გადამწყვეტი რაუნდი უნდა გამართულიყო.
მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
მისი განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება პარლამენტის პირველივე სხდომაზე, მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია.
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.
„ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც, პრაქტიკულად, მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა, თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა. დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებებზე შეიძლება იყოს საუბარი?!“ – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
მოლაპარაკებების პროცესზე კობახიძის ნეგატიური განცხადებების ზეგავლენაზე საუბრობენ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.
„კობახიძის გუშნდელი განცხადებების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების გაგრძელება რთული იქნება. თუმცა, მანამდე, ვიდრე მოლაპარაკებებისთვის მცირე რესურსი მაინც რჩება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მასში მონაწილეობას“, – განაცხადა პარტიის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან.
იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, მხარეებს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა შეთანხმების ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო.