თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, იუწყება პირველი არხი.
გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარმა გამოძიებამ მის სიკვდილში მისივე მეგობრების – აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის არაპირდაპირი ბრალეულობა დაადგინა. გამოძიების ვერსიით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბრალდებულებმა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით გობეჯიშვილს 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი თანამდებობის დემონსტრატიულად დატოვება და გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვეს. როდესაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც ცხრა საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თავდაპირველად ადვოკატებმა მათი გათავისუფლება ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოითხოვეს, ალტერნატივად კი მოსამართლეს გირაო და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.
საბოლოოდ გირაოს თანხა მოსამართლემ 10 ათასი ლარით განსაზღვრა, კობალაძე და ხუსკივაძე დარბაზიდან გაათავისუფლა და თანხის გადახდა 40-დღიან ვადაში დაავალა. დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად კი მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.
ერთი კვირის წინ საქართველოს პროკურატურამ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება დაასრულა და ახალი მტკიცებულებები გაასაჯაროვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სიკვდილამდე მიიყვანეს.
პროკურატურამ ასევე გაავრცელა გობეჯიშვილთან კობალაძისა და ხუსკივაძის მიმოწერა, რაც, გამოძიების მტკიცებით, მათ ბრალეულობას ადასტურებს.
გავრცელებული მიმოწერის სქრინის მიხედვით, კობალაძე გობეჯიშვილს უხსნის, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ის იმათ სიაში შეიყვანა, ვის დაკავებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გეგმავდნენ.
პროკურატურის განმარტებით, გამოძიებას ასევე აქვს კობალაძისა და ხუსკივაძის ბრალეულობის სხვა მტკიცებულებებიც, რასაც უწყება სასამართლოს წარუდგენს.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოდ აფასებენ.
პროკურატურამ კობალაძეს და ხუსკივაძეს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. გარდა ამისა, კობალაძეს ასევე ბრალი ედება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.