ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliГлавная прокуратура Грузии
Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მონაცემებით, გობეჯიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა ორმა მეგობარმა შესთავაზა 50 ათასი დოლარი არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადების სანაცვლოდ, უარის მიღების შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ამავე კომისიის ორ წევრს - აკაკი კობალაძეს და აკაკი ხუსკივაძეს ბრალი წაუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით შესთავაზეს – 50 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ პრესის თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება არჩევნების გაყალბების შესახებ. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.

საპატრულო პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
შსს: თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს - 2020 წლის 7 ნოემბერს 43 წლის თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

პროკურატურამ კობალაძეს და ხუსკივაძეს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. გარდა ამისა, კობალაძეს ასევე ბრალი ედება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0