ბათუმის მერია შეღავათებს აწესებს: რას ითვალისწინებს სოციალური მხარდაჭერა

გამოწერა
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობა ზამთრის პერიოდში კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდება

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის მერია ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, ბათუმის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბერ–დეკემბრის და 2021 წლის იანვარ–თებერვლის თვის წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. თუმცა, სუბსიდირება არ შეეხება წყლის საფასურის ძველ დავალიანებას, გადანაწილებულ ვალს და მიერთების საფასურის დავალიანებას.

შეღავათები გავრცელდება იმ მეწარმეებზეც, რომელთა ობიექტები დაწესებული შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებენ.

ამასთან, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან დროებით გათავისუფლდებიან. 

სემეკის ლოგო - Sputnik საქართველო
15 დეკემბრიდან საქართველოს მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე ელექტრონულ ქვითრებს მიიღებს

უწყების ცნობით, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ან მოსარგებლე პირები, რომლებმაც პანდემიის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხეს.

1 აპრილამდე გადასახადისგან ასევე გათავისუფლდებიან  გარე ვაჭრობისთვის საზოგადოებრივი სივრცეებით მოსარგებლე პირებიც.

კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1 ნოემბრიდან მოქმედებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს ის აბონენტები არ გადაიხდიან, რომლებიც თვეში 200კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამასთან ასეთ აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

გარდა ამისა, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტებიც, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის, ბათუმში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0