თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 123 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–ს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელებაა.
„2021 წელს ტურისტული სექტორი კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება, რაც ვალუტის შემოდინებაზე უარყოფითად აისახება და გაცვლითი კურსის გაუფასურებით ინფლაციური ზეწოლის შექმნის დამატებით რისკს აჩენს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მართალია სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან 886 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო ლიკვიდობისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, არსებული ფუნდამენტური ფაქტორებიდან და უარყოფითი მოლოდინებიდან გამომდინარე, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებული რჩება.
2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 123.300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. 1 ნოემბრის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 51.100 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.55%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2385.4 მილიონი ლარია.
32.700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს–სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით, 1200-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3300 მილიონი ლარია.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.25%-ში გაასესხეს.
2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში 6.5%–დან 9%–მდე გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8%–ის დონეზეა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს იმოძრავებს.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად -8% -ზე 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზეც დატოვა.