თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ლილოს მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარების უმრავლესობას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარში ვირუსი 42 პაციენტს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა ნაწილი კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილი მკურნალობის კურსს ადგილზე გადის.
„როდესაც ცალკეულ ბენეფიციარებს გამოუვლინდათ სიმპტომები და საავადმყოფოში გაიყვანეს, სადაც დაუდასტურდათ კოვიდი, გავაკეთეთ ორგანიზება და ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სწრაფი ტესტირება. მაქსიმალურად მოვახდინეთ სხვა ბენეფიციარებისგან კოვიდადებითი ბენეფიციარების გამიჯვნა და ერთმანეთთან ურთიერთობაში არ იყვნენ“, - აცხადებენ მოხუცთა თავშესაფარში.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია. გარდაიცვალა 1 614 ადამიანი.