თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ–პრეზენტაცია გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, რომელმაც ანგარიში წარმოადგინა, ხაზგასმით აღნიშნა სექსუალური შევიწროების ფაქტების დროულად გამოვლენისა თუ პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 16-დან 45 წლამდე პირები ხდებიან, ხოლო სამართალდამრღვევთა ასაკი 17-დან 55 წლამდე მერყეობს.
შევიწროების მსხვერპლი ხდებიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. თუმცა სექსუალური ძალადობის საფრთხის წინაშე ყველაზე ხშირად ქალები და გოგონები დგებიან.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2019 წლის 10 მაისიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით სექსუალური შევიწროების 43 ფაქტი გამოვლინდა – 2019 წელს 19, 2020 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში კი 24 ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.
ყველა ფაქტი განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევთა მიმართ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ძირითად შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება.
„არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ჩადენა ძირითადად ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, რაც უმეტესად სხვადასხვა ფიზიკური ფორმის სექსუალური ხასიათის ქცევაში გამოიხატება. პრაქტიკის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების უმრავლესობა დღის საათებში ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სექსუალური შევიწროება არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
საქართველოში სექსუალური შევიწროება ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით.
სექსუალური შევიწროება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ითვალისწინებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმას. ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი აღნიშნული ქმედება.
დანაშაულის განმეორებით ჩადენა ისჯება 800-დან 1 ათას ლარამდე ჯარიმით, ან ერთ თვემდე ვადით გამასწორებელი შრომით ან 10 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირების მიზნით შსს-მ არაერთი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, პოლიციელთათვის შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაცია და მხარეებთან გასაუბრების ოქმების ნიმუშები, რომლებიც სექსუალური შევიწროების ფაქტებზე მხარეებისგან სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
გარდა ამისა, პოლიციის 300-ზე მეტმა ოფიცერმა უკვე გაიარა შესაბამისი სწავლების კურსი. პანდემიის პირობებში კონტინგენტის პროფესიული სწავლების პროცესი ონლაინ–რეჟიმში კვლავ გრძელდება.