საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerდაცარიელებული აეროპორტი თბილისში
დაცარიელებული აეროპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტომ აამოქმედა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას - მათ მიერ ტექნიკური დაშვების განხორციელების და საქართველოში დასვენების მიზნით.

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, ხოლო მგზავრთნაკადი - 82%-ით, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს (International Civil Aviation Day) აღნიშნავენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ სფეროს თითოეულ თანამშრომელს მათი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სექტორი თავის პროფესიულ დღეს მწვავე გლობალური კრიზისის ფონზე ხვდება.

კომპანია აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

„საყოველთაო შეფასებებით, COVID 19-ის პანდემიამ ჯერ არნახული ზიანი მიაყენა საავიაციო დარგს. არსებული დანაკარგები ბევრად აღემატება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ განვითარებულ კრიზისს ავიაციის სფეროში. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის საშუალოდ 60%-ით შემცირებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი და 82%-ით შემცირებული მგზავრთნაკადი 10 თვის მონაცემებით. და მაინც, ვინ თუ არა ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა იციან, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით, დაუღალავი შრომით და ერთობლივი ძალისხმევით, ავიაციას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ რთულ გამოწვევას“, - განაცხადა კარანაძემ.

მისი თქმით, პანდემიის პირობებშიც კი ავიაცია უმოკლეს ვადებში გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებად იქცა.

კარანაძემ გამოყო ის ღონისძიებები, რომლებმაც მცირე, მაგრამ პოზიტიური გავლენა იქონია ინდუსტრიაზე პანდემიის მძიმე ზეგავლენის შერბილების კუთხით, ასევე ფაქტორები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება საავიაციო სექტორის განვითარებაზე საქართველოში.

სააგენტომ დაამტკიცა დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ. პირობები ძირითადად ითვალისწინებს გარკვეული მოწმობების, სერტიფიკატების, საშვების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას, ასევე, მოთხოვნების შემსუბუქებას. საშეღავათო პირობების მოქმედება კვლავაც გრძელდება.

AirBaltic–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
AirBaltic-მა საქართველოში იანვრამდე ყველა რეისი გააუქმა

გარდა ამისა, სააგენტომ აამოქმედა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას - მათ მიერ ტექნიკური დაშვების განხორციელების და საქართველოში დასვენების მიზნით. შემუშავდა წინადადება ოპერატორებისთვის, მომზადდა პროტოკოლი ეკიპაჟების უსაფრთხო ტრანსპორტირების და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სასტუმროებში განთავსების შესახებ.

გეოგრაფიული მდებარეობის, ნებართვების მიღების გამარტივებული პროცედურების და მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, პროექტი მიმზიდველი გახდა უცხოური ავიაკომპანიებისთვის. მან ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 7 მილიონის შემოსავალი მოუტანა სერვისის მიმწოდებლებს: აეროპორტს, საავიაციო მომსახურების საწარმოს, საწვავგამმართველ საწარმოს და ბაზრის სხვა შედარებით მცირე მოთამაშეებს.

მაგალითისთვის, 2020 წლის 22 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შესრულდა 525 ფრენა ტექნიკური დაშვების მიზნით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 129 ფრენა. ეკიპაჟის დასვენების მიზნით შესრულდა 541 ფრენა. საქართველოში შემოვიდა ეკიპაჟის 2270 წევრი. პროექტში ჩაერთვნენ ახალი ავიაკომპანიები: Antonov, Air X Charter, Air Hamburg, Harmony Jet, Ukrainian Wings, Fleet Air და სხვა.

„ერთიანი საჰაერო სივრცე“

ევროკავშირმა 2020 წლის 2 აგვისტოს საქართველოსთან „ერთიანი საჰაერო სივრცის” შესახებ 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
როდის განახლდება რეგულარული ავიამიმოსვლა ევროპასთან – გახარიას განმარტება

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციას და საავიაციო ბაზრების ეტაპობრივ ურთიერთგახსნას, ქვეყნის მიერ, საავიაციო კანონმდებლობის ევროგაერთიანების რეგულაციებთან სრულად ჰარმონიზების შემდგომ. სააგენტოს მიერ, წლების განმავლობაში დიდი შრომა იქნა გაწეული, რათა ეტაპობრივად, საავიაციო ინდუსტრიასთან კონსულტაციების რეჟიმში, მომხდარიყო ევროპული სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა კარანაძემ.

მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს სააგენტოს, რათა აქტიურად გაგრძელდეს საქმიანობა ევროპული რეგულაციების დანერგვის კუთხით. ფართოვდება იმ ტექნიკური რეგულაციების სპექტრი, რომლებიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს კი ქართულ ავიაციას მეტ საიმედოობას და მგზავრთა დაცულობას შესძენს, აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ავიაცია პანდემიის დროს

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით მხოლოდ სპეცრეისები სრულდებოდა მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები გაგრძელდა

შუა ზაფხულიდან განახლდა რეგულარული რეისები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში შედარებით იაფმა Wizzair-მა ქუთაისიდან რიგაში რეგულარული რეისები განაახლა,  ნოემბრიდან კი რეგულარულ ავიარეისები კიდევ 12 ქალაქის მიმართულებით აღდგა.

საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენის თარიღი რამდენიმეჯერ გადადო. ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.

კარანაძემ აღნიშნა, რომ COVID-19-ის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ავიაგადამზიდავების მხრიდან კვლავაც არსებობს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების სურვილი. აქტიურად გრძელდება ტექნიკური კონსულტაციები და სამუშაოები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით. ამასთან, ავიაცია აქტიურად ემზადება ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0