თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ლატვიურმა ავიაკომპანია AirBaltic-მა, საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო, თბილისი–რიგა–თბილისის 31 დეკემბერამდე დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ავიაკომპანიის გენერალური გაყიდვების სააგენტოში (Discovery Travel AirBaltic GSA in Georgia).
Discovery Travel AirBaltic GSA in Georgia ავიაკომპანიის გენერალური სავაჭრო აგენტია.
„გუშინ მივიღეთ ავიაკომპანიის გადაწყვეტილება, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი რეისები შეჩერებულია. ნოემბერში ავიაკომპანიამ მხოლოდ ორი რეპატრიაციული ფრენა შეასრულა – 3 და 5 ნოემბერს. რაც შეეხება რეგულარულ რეისებს, კომპანიამ ის ნოემბერში გააუქმა და აღდგენას დეკემბერში გეგმავდა. მაგრამ ახლა უკვე ფრენების აღდგენა 2 იანვრიდან არის დაგეგმილი", – განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.
როგორც ლატვიური ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, განაახლებს თუ არა AirBaltic ფრენებს იანვარში, ესეც საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებებია ასევე Georgian Airways-ის ფრენების განრიგშიც. კომპანიამ გააუქმა 3, 10, 17 და 31 დეკემბერს დაგეგმილი რეისები თბილისი–ვენა–თბილისი. 4, 9 და 11 დეკემბერს გაუქმდა რეისები ბერლინში, ხოლო 4 და 11 დეკემბერს ავიაგადამზიდავი არ გაფრინდება პარიზში.
ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ ნოემბრის თვეში რამდენიმე რეისი გააუქმა>>
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის მკვეთრი ზრდის გამო სხვადასხვა ქვეყანა ყოველდღიურად აწესებს შეზღუდვებს ან დამატებით სანიტარიულ მოთხოვნებს.
გარდა ამისა, 19 დეკემბრამდე შეაჩერა ფრენები რიგა–ქუთაისი–რიგის მიმართულებით WizzAir-მა, 18 დეკემბრამდე გადადებულია რეისი დორტმუნდი–ქუთაისი–დორტმუნდი, ხოლო 2021 წლის 12 იანვრამდე – ვილნიუსი–ქუთაისი–ვილნიუსი.