„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: გაგრძელება იქნება

გამოწერა
მოლაპარაკებების მონაწილეთა საერთო აზრია: შეხვედრა იყო სასარგებლო, არის წინსვლები, თუმცა საბოლოო შეთანხმებისთვის მხარეებს კიდევ ერთი დღე სჭირდებათ.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შედეგი მასმედიისთვის კარს მიღმა დარჩა – აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულებმა დეტალების გასაჯაროებაზე უარი განაცხადეს.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პოზიციების დაახლოება შეძლეს, თუმცა რიგ საკითხებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობაა, განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ. 

ოპოზიციის პროტესტი - Sputnik საქართველო
მესამე რაუნდი რთული იქნება – კარლ ჰარცელი „ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების შესახებ

საპარლამენტო არჩევნების შედეგების შედეგად პარლამენტში შესული მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ორშაბათს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარმოადგენდნენ. 

დახურულ კარს მიღმა შეხვედრა თითქმის ექვსი საათის მანძილზე მიმდინარეობდა. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის ყველა ლიდერმა უარი განაცხადა ეთქვა – კონკრეტულად რაზე შეძლეს შეთანხმება მხარეებმა.

„ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან ელჩების თხოვნით დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი. შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება და, იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის აზრით, მესამე რაუნდის შემდეგ ვითარების გაუმჯობესების ნიშნები შეიმჩნევა.

„ჩვენ ელჩებთან შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით დეტალებზე არ ვისაუბრებთ. ჩვენ ხომ შედეგი გვინდა? თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, პარლამენტის ახალი არჩევნები გვინდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ შეხვედრის შინაარსზე. თუმცა, დღეს იყო სასარგებლო შეხვედრა. აზრთა სხვადასხვაობა კვლავ არსებობს და, ვფიქრობ, ჩვენ ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. 

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან  - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება?

ამავე დროს გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგაც არ გამოიკვეთა შესაძლო კომპრომისი.

„ჩვენი შუამავლების თხოვნაა, დეტალები არ გასაჯაროვდეს. მეორე – ყველას დაგამშვიდებთ და გაგახარებთ იმით, რომ ჰორიზონტზე კომპრომისი გამოჩნდა, თუმცა არა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომლებიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არსებობს. არის კითხვები, რომლებზეც ყველა თანხმდება, მაგალითად, რომ საქართველოში აუცილებელია საარჩევნო გარემოს ფუნდამენტური ცვლილება. არის საკითხები, რომელთა ირგვლივაც დებატები გრძელდება. ასევე არსებობს საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგების არარსებობაზე ჟურნალისტებთან პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ არის.

„ჩვენ პუნქტობრივად განვიხილეთ როგორც ოპოზიციის მიერ ერთობლივად შეჯერებული წინადადებები, ისე ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებები. არსებობს პუნქტები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ არსებობს პრინციპული პუნქტები, რაზეც შეთანხმებას ვერ ვაღწევთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. ადრეა საუბარი იმაზე, რომ მთავარ საკითხთან მიმართებით შეთანხმება მიღწეულია. შეხვედრები გრძელდება – მესამე რაუნდით საქმე არ დასრულდება. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას კეთილგონიერება ეყოფა არსებული რეალობის გასაანალიზებლად“, – განაცხადა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა არის წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. მან ხელი შეუწყო პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას საკითხებზე, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ეხება. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დიალოგში შუამავლის როლს ასრულებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გუშინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო წერილობითი წინადადებები მიიღეს. თუმცა მოლაპარაკებების არც ერთმა მხარემ არ გაასაჯაროვა, თუ რა კომპრომისზე წასასვლელად არიან მზად.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს ასრულებენ. 2020 წლის დასაწყისში მათ შეძლეს მხარეების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საარჩევნო სისტემა შეიცვალა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათივე ორგანიზებით მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ორი შეხვედრა შედგა, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0