პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება?

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია განწყობილია მმართველ პარტიასთან პოზიციების დაახლოებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში იმყოფებიან, სადაც მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმართება. შეხვედრაზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარმოადგენენ. 

ოპოზიციის პროტესტი - Sputnik საქართველო
მესამე რაუნდი რთული იქნება – კარლ ჰარცელი „ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების შესახებ

„ვითარება მართლაც რთულია, პოზიციები განსხვავებულია, თუმცა ვნახოთ. მოლაპარაკებებიც იმიტომ არსებობს, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს. ჩვენი სურვილია შეთანხმების მიღწევა და შექმნილი კრიზისის განმუხტვა. რა თქმა უნდა, ახლა ბურთი ხელისუფლების მხარესაა, რადგანაც კრიზისი, რომლის განმუხტვასაც ჩვენ დღეს ვცდილობთ, გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოიშვა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ქართულ ოცნებას“ მოუწევს მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან.

„შეიძლება ჩვენ ვერც ერთ საკითხზე ვერ შევძლოთ შეთანხმება და დავიშალოთ... მაგრამ არსებობს გარკვეული იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც კუთხით შეთანხმებას. „ქართული ოცნება“ საკუთარი პოზიციით მოვა, ჩვენ კი ჩვენი პოზიციებით წარვდგებით. არსებობს გარკვეული კომპრომისები, რის შესახებაც მალე გაიგებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ჯერჯერობით კომპრომისზე საუბარი ნაადრევია.

„ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული. ბევრ რამეზე ვისაუბრებთ, თუმცა რაიმე სახის კომპრომისზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ფაქტია, რომ ყველაფერი ამ შეხვედრით არ დასრულდება. იმედი მაქვს, რომ ასეთი ილუზია არავის აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ. 

საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

გუშინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო წერილობითი წინადადებები მიიღეს. თუმცა მოლაპარაკებების არც ერთმა მხარემ არ გაასაჯაროვა, თუ რა კომპრომისზე წასასვლელად არიან მზად.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს ასრულებენ. 2020 წლის დასაწყისში მათ შეძლეს მხარეების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საარჩევნო სისტემა შეიცვალა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათივე ორგანიზებით მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ორი შეხვედრა შედგა, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.

ამ ეტაპზე ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმად მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი და კანონების დამოუკიდებლად მიღების და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მიიღო. ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

მმართველ პარტიაში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. ამასთან „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არასდროს არ დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

 

ყველა ახალი ამბავი
0