გელათის სამონასტრო კომპლექსში გარემო პირობების კონტროლის სენსორები დაამონტაჟეს

© photo: courtesy of Gelati monastery complexგელათის სამონასტრო კომპლექსი
გელათის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკრო და მიკროკლიმატის ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდგომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის ინსტალაციის პროცესი დაასრულა, ნათქვამია უწყების გვერდზე.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე საერთო ჯამში 18 შიდა სენსორი განთავსდა.

მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის ეზოში დამონტაჟდა სისტემის გარე სენსორი.

საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკროკლიმატის (გარეთ არსებული გარემოს) და მიკროკლიმატის (შიდა სივრცეები) ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდგომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა.

მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზე ტენიანობასა და ტემპერატურულ პარამეტრებს გაზომავენ, სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალება მიეცემათ.

ეროვნულმა სააგენტომ გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემა მიმდინარე წელს შეისყიდა.

საპროექტო მასალების მომზადებისა და გადახურვის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღვთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს განახორციელებს.

2020 წლის ზამთარში ყინვის შედეგად გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, კერძოდ, თეთრი კერამიკით დამზადებული მოჭიქული კრამიტი დაზიანდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში ტაძრის დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდნენ აშშ-ის საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0