თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა და გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალაძემ აღნიშნა, გელათის ტაძარში არასწორი გადახურვის შედეგად მიღებული დაზიანებები აღინიშნება როგორც მთავარ დიდ ტაძარში, ისე მეორე ტაძარშიც. ამის გამო გამოძიებამ უნდა შეისწავლოს – ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას.
პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).
„დღეს ჩვენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართავთ და მოვითხოვთ – დაიწყოს გამოძიება ძეგლის დაზიანების ფაქტზე. საუბარია არა უბრალოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლზე, საუბარია ეროვნული კატეგორიის ძეგლზე, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი“, – განაცხადა სალაძემ.
მისი თქმით, საიამ შეისწავლა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპისთვის არის საჯარო. ასოციაცია უახლოეს პერიოდში გეგმავს თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართოს და გამოითხოვოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება როგორც ფინანსურ მხარეს, ისე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგსა და ზედამხედველობას.
„ის ინფორმაციები, რომელიც საჯაროა და ის დოკუმენტები, რომლებზე დაფუძნებითაც თავად სააგენტო გელათში არსებულ მდგომარეობას მცირე ხარვეზებს უკავშირებს, სინამდვილეში არა მცირე ხარვეზია, არამედ ძეგლის დაზიანებაა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა ჩინოვნიკების მხრიდან გულგრილობას“, – აცხადებს სალაძე.
სალაძის ინფორმაციით, დაზიანების გამო დღეს წვიმის შემდეგ ტაძარში ფრესკები ჩამოირეცხა.
„ჩვენ გამოძიების წინაშე მეორე საკითხსაც ვსვამთ – შესწავლილი იყოს არა მარტო კომპანიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა, ასევე თავად სააგენტოების პასუხისმგებლობა, რომლებმაც, დიდი ალბათობით, არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები", – განაცხადა სალაძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი, სააგენტოს მოთხოვნით, საპროექტო ჯგუფმა „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მოამზადა და მასზე სამშენებლო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების სექციის წევრების განხილვისა და მხარდაჭერის საფუძველზე გაიცა.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, კერძოდ, თეთრი კერამიკით დამზადებული მოჭიქული კრამიტი 2020 წლის ზამთარში მცირე ყინვის შემდეგ დაზიანდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში ტაძრის დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდნენ აშშ-ის საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).
მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.