თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა ეპიდემიოლოგიურად სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში, ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისის ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, 14 დეკემბრიდან იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც დაბრუნებისას სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა, საქართველოს გარდა მოხვდნენ აშშ, ლიეტუვა, იორდანია, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია და უნგრეთი.
ჩამონათვალში შედის იტალიის რეგიონები: ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია -ჯულია და ვენეტო, აგრეთვე ავსტრიის ფედერაციული მიწები - შტირია და კარინტია.
როგორც აღნიშნულია, ჩეხეთი 14 დეკემბრიდან საკარანტინო სიიდან „გარიცხეს“.
შვეიცარიაში 10-დღიანი კარანტინის დამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა 10 ათას ფრანკამდე.
6 დეკემბრისთვის შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 344 497 შემთხვევა გამოვლინდა. დღეისათვის შვეიცარიაში გარდაიცვალა უკვე 5 324 ადამიანი, ლეტალობა 1,55%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 260 600 პაციენტი, რაც 75,65%-ს შეადგენს. შვეიცარია მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით 32-ე ადგილს იკავებს.
მოსკოვში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო >>
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების 162 475 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1504 ადამიანი, ლეტალობა 0,93%-ს შეადგენს. მთლიანად გამოჯანმრთელდა 133 511 ადამიანი, აღდგენა 82,2%-ს შეადგენს. საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში 45-ე ადგილს იკავებს.