თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2021 წლისთვის უწყების ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 551,3 მლნ ლარით (30%) გადააჭარბებს.
თავდაპირველად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2021 წლისთვის 2.4 მილიარდი ლარი იყო. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის სამართავად რესურსების გამოყოფის საჭიროებიდან გამომდინარე, დაფინანსების ოდენობა 50 მილიონით შემცირდა. ამრიგად, მომავალი წლისთვის უწყების ბიუჯეტი 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან 995,5 მილიონი საერთაშორისო დონორების დახმარებაა. ამ თანხის დიდი ნაწილი, 1,5 მილიარდი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.
წყალმომარაგება რეგიონებში
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიზნით, უწყების დაქვემდებარებაში მყოფი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბიუჯეტი 2021 წელს 69% -ით გაიზრდება და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ეს თანხები დაიხარჯება ახალ პროექტებზე იმერეთში, კახეთში, ყაზბეგსა და ხაშურში, აგრეთვე ახლომდებარე დასახლებებში.
სამუშაოები დაგეგმილია სამტრედიაში, ვანში, ბაღდათში და ყაზბეგში, რისთვისაც ჯამში 130 მილიონ ევრომდე დაიხარჯება. შედეგად, 50 ათასზე მეტი ადამიანი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. კახეთის რეგიონში მცხოვრები 45 ათასზე მეტი ადამიანი ასევე მუდმივად მიიღებს წყალს.
მომავალ წელს გაგრძელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის ახალი სისტემების მშენებლობა, აგრეთვე გაგრძელდება გუდაურის, ზუგდიდის, ჭიათურის, ჯვრისა და მარნეულის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობისა და შეკეთების პროექტები.
ასევე გაგრძელდება კანალიზაციის სისტემების მშენებლობა ფოთში, მარნეულში, ბოლნისსა და გუდაურში. დაფინანსდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ფოთში, გუდაურსა და მარნეულში, ასევე დასრულდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
დიდი გეგმები
2021 წელს 41 მილიონი ლარი გამოიყოფა მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის.
161 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდება რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და შეკეთება. 2021 წლის გეგმებშია 49 სკოლის მშენებლობის დასრულება და 80-ის სარემონტო სამუშაოები. თანხები გამოიყოფა 17 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს გაგრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. 2021 წელს ახალ ბინებს მიიღებს 1020 ოჯახი ზუგდიდსა და წყალტუბოში, ხოლო 2022 წელს - 800 ოჯახი ქუთაისში.
უწყება გეგმავს განაგრძოს პროექტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ქალაქების განახლებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის.
მომავალ წელს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისში, გორსა და თელავში EURO 5 სტანდარტის 175 ახალი თანამედროვე ავტობუსი გადანაწილდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბაკურიანი მიიღებს სათხილამურო კურორტებისთვის ადაპტირებულ 10 ავტობუსს და 16 ერთეულ მუნიციპალურ სპეციალურ აღჭურვილობას. სპეციალური ტექნიკა ასევე გადაეცემა გურიის რეგიონს შავი ზღვის სანაპიროს მომსახურებისთვის.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განისაზღვრება 280 მილიონი ლარის ოდენობით, კვლავ 40 მილიონი ლარით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 3.7 ათასი დასახლებული პუნქტის მოსახლეობა თავად აირჩევს პრიორიტეტულ პროექტებს. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა პროექტებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს 1,8 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ის გადაჭარბებით შესრულდება. ნოემბრის მონაცემებით, ამ თანხის 99,4% უკვე ათვისებულია, რაც 138 მილიონით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 11 თვის განმავლობაში აითვისა ბიუჯეტის 104% - 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო „გაერთიანებულმა წყალგამანაწილებელმა კომპანიამ“ - 110%, ანუ 209 მილიონი ლარი.