თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. დაბა გუდაურში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის გუდაურში როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს.
კერძოდ, პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. ასევე აშენდება რეზერვუარი, 34 კილომეტრამდე საკანალიზაციო და 3 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი.
დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში.
დაბა გუდაურის წყალმომარაგების პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მლნ ლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა წარმოიშვა. კურორტებზე აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა. როგორც მაშინ განმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.