თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს, განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, პრობლემა ძირითადად თავისუფალი საწოლების ნაკლებობაა და ამ საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.
„ყოველდღიურ რეჟიმში „112“-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე, პაციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს თავიდან ბოლომდე, ვაკვირდებით, რა არის პრობლემა და ვცდილობთ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. პირადად ვარ ჩართული ამაში, ასევე ჩართულია ორივე მოადგილე და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და, შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში საწოლფონდი 6 ათასიდან 7100-მდე გაიზარდა. მისი თქმით, არც ერთი ქვეყნის მიზანი არ არის საწოლფონდის მაქსიმალური რაოდენობის გამოყენება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და დაწესდეს შეზღუდვები საწოლფონდის განტვირთვის მიზნით.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრი მატება დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135.584-ს მიაღწია. სულ გარდაცვლილია 1.267 ადამიანი.
საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რაც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.