ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“

© photo: courtesy of Gia Giligashviliგია გილიგაშვილი
გია გილიგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ფეხბურთს ეროვნული საფუძველი გამოეცალა და მისი ფიასკოს ძირითადი მიზეზი სწორედ ეს არის-ასე ფიქრობს ვეტერანი ფეხბურთელი, გია გილიგაშვილი, რომელიც ლანჩხუთის „გურიაში“ გუნდის ყველაზე წარმატებულ დროს თამაშობდა.

სულ ახლახან, როგორც იცით, ისტორიული ფაქტი მოხდა, ქართული ქალთა საფეხბურთო გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ამ ფაქტით ქართული ფეხბურთის დღევანდელი საეჭვო რეპუტაცია ერთგვარად გააბათილა.

თუმცა, იყო დრო, როდესაც გურიაში მამაკაცების ფეხბურთი წარმატების ზენიტში იყო და იგივე ლანჩხუთში, საფეხბურთო კლუბი „გურია“ თავის გულშემატკივარს გამორჩეული თამაშით ახარებდა. მოკლედ, როგორც ამ გუნდის ცნობილ ჰიმნშია „ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია“ და ამაში ჩვენი რესპონდენტის დამსახურებაც უდაოდ იყო.

© photo: courtesy of Gia Giligashviliგია გილიგაშვილი
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
გია გილიგაშვილი

- ბატონო გია, თქვენ იმ დროს გამოდიოდით მოედანზე, როცა ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა იყო,, როგორ აღმოჩდით ამ გუნდში?

- ფეხბურთის თამაში ცნობილ 35-ე სკოლაში დავიწყე. რაც შეეხება, ჩემს სპორტულს კარიერას, 19 წლის ბიჭი ვიყავი, როცა 70-იანი წლების ბოლოს, ლანჩხუთის „გურიის“ გუნდში აღმოვჩნდი. როგორ იყო, იცით? თუკი თბილისის „დინამოში“ არ მოხვდებოდი, ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშიც წარმატებად ითვლებოდა. კარგი გუნდი იყო და საკმაოდ კარგი პირობებიც იყო.

© photo: courtesy of Gia Giligashviliლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელები
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელები

- როცა გურიაში ჩახვედით იმ დროს საფეხბურთო ბუმი იყო?

- ლანჩხუთის რაიონში მაშინ მართლაც ნამდვილი საფეხბურთო ბუმი იყო. ეს პატარა ბიჭი უცებ თავგადაკლული გულშემატკივრების ხელში ჩავვარდი. აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით 300-ზე მეტ თამაშში მივიღე მონაწილეობა, სეზონის მანძილზე კი დაახლოებით 40-50 თამაშზე გამოვდიოდი. ძალიან მეგობრული გუნდი იყო, იმდენად მეგობრული, რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი მეგობრობის ანალოგი მაშინ არც არსებობდა. ადგილობრივი ფეხბურთელების დამსახურება იყო, რომ გუნდი ასეთი შეკრული იყო, თუმცა მასში თბილისელებიც ვიყავით. ამ წარმატებაში ასევე გიგლა იმნაძისა და გუნდის კაპიტნის, თემურ ჩხაიძის წვლილიც იყო.

© photo: courtesy of Levan Avlabreliვეტერანი ფეხბურთელები: მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
ვეტერანი ფეხბურთელები: მერაბ თევზაძე და გია გილიგაშვილი

- ამასთან გულშემატკივარის ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, არა?

- რასაკვირველია... ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს თბილი და მოსიყვარულე იყო. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ერთი პიროვნების, (ედუარდ შევარდნაძის ძმის) ევგრაფი შევარდნაძის ღვაწლი, რადგან ფეხბურთისადმი ასეთი სიყვარული მისგან მოდიოდა. არადა, იმ დროისთვის ეს კაცი მხოლოდ „ატეკის“ უფროსი იყო. გულშემატკივარი მატჩზე დასასწრებად სოფლებიდან  ჩამოდიოდა. ფეხბურთელებს ხელის გულზე გვატარებდნენ და გუნდს გარკვეული წარმატებები ჰქონდა. მაგ დროს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რაც მარტო მწვრთნელის დამსახურება არ გახლდათ. ამის მიზეზი, ვიმეორებ, პირველ რიგში, მეგობრული და  შეკრული გუნდი იყო, რამაც უფრო განაპირობა ჩვენი წარმატება.

© photo: courtesy of Gia Giligashviliსაფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, 1981 წელი
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“, 1981 წელი

- ლანჩხუთის „გურიაზე“ ჰიმნიც დაიწერა და ფილმებიცაა გადაღებული...

- დიახ, ჩვენს გუნდზე ორი ფილმია გადაღებული: „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს“ და „გურია, გურია“, რომლის რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი იყო. ჩვენს გუნდზე ფილმის გადასაღებად ის უფრო ადრე იყო ჩამოსული, ვიდრე 1986 წელს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდა. ასევე ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან ტელევიზიები და ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევდა. განწყობაც ამაღლებული იყო: წარმოიდგინეთ, ამხელა საბჭოთა კავშირში დავდიოდით და გვიხაროდა, გვეამაყებოდა, რომ ქართველები ვართ...

- რა აკლია დღეს ქართულ ფეხბურთს?

- ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი ფულია საჭირო, რათა აშენდეს ბაზები და სტადიონები. დღეს კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობაცაა. გარდა ამისა, დღევანდელ ფეხბურთელებს არ ეტყობათ ის სიამაყე, რაც ჩვენს თაობას ახასიათებდა და რაც თამაშის ხარისხზეც მოქმედებდა. წარმოიდგინეთ, როგორ ამაყად გადიხარ სტადიონზე იმის გამო, რომ ქართველი ხარ და იცი უნდა გაიმარჯვო! როცა ეროვნული სიამაყე არ გეტყობა, მოგებითაც არ ხარ დაინტერესებული...

- ანუ ეროვნული საფუძველი გამოეცალა ქართულ ფეხბურთს და ამიტომ გახდა ასეთი?

-კი, მართლაც ასეა.. ესაა გადამწყვეტი! სამწუხაროდ მთლად ამ თაობის ბრალიც არ არის, მაგრამ საბოლოოდ ასე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ იყო ის პირველი გუნდი, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატს მხარი დაუჭირა და მის ჩამოყალიბებას დაუდო დასაბამი. მართლა დიდი იდეები გვქონდა და ჩვენც ამ იდეებისთვის ვიბრძოდით. მაშინ ქართული ფეხბურთის სხვანაირი მომავალი გვესახებოდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა...

- ერთ-ერთი მატჩის წინ, ანტისაბჭოური საქციელისთვის, თურმე, კინაღამ დაისაჯეთ, რა მოხდა?

- ეს იყო 1984 წლის გაზაფხულზე, როდესაც „გურია“ ვოლგოგრადში თამაშობდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის გახსნა. იმ თამაშს სტადიონზე 40 000 კაცი ესწრებოდა. როდესაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა და საბჭოეთის დროშა აღმართეს, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა. ყველა თავაწეული იდგა, ამ დროს უცებ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ძირს დავიხარე და ბუცებზე თასმების შეკვრა-გახსნა დავიწყე. მსაჯები გაოგნდნენ, არა მარტო ისინი, ფეხბურთელებიც...

© photo: courtesy of Gia Giligashviliლანჩხუთი, 2013 წელი
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
ლანჩხუთი, 2013 წელი

- როგორ გადაურჩით კომუნისტების რისხვას?

- როცა თამაში დამთავრდა, გასახდელისკენ მივდიოდი. ამ დროს მატჩის კომისარმა, რომელიც ომის მონაწილე ყოფილა თავის კაბინეტში შემიყვანა. მოსკოვში ჩემზე საჩივარი დაწერეს, რადგან ასეთი „ცუდი“ საქციელი ჩავიდინე. ეს რომ 20 წლით ადრე მომხდარიყო, ალბათ, ციმბირს იქით გამიშვებდნენ, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ მიშველა. ჩემზე დაწერეს, რომ სამაგალითო ქცევით გამოვირჩეოდი და გუნდის ერთ-ერთი მოწინავე სპორტსმენი ვიყავი.

© photo: courtesy of Gia Giligashviliვეტერანი ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი და გულშემატკივარი მურმან ლასხიშვილი
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
ვეტერანი ფეხბურთელი გია გილიგაშვილი, ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი და გულშემატკივარი მურმან ლასხიშვილი

- სულ ახლახან იუბილარი იყავით, 60 წლის გახდით, ამ გადასახედიდან რას შეცვლიდით სპორტულ კარიერაში, რაიმეზე გწყდებათ გული?

- რა თქმა უნდა შევცვლიდი, ჩვენ დროს თბილისის „დინამოს“ ძირითადში თუ ვერ მოხვდებოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ შენი კარიერა არც ისე წარმატებულად მიდიოდა. თუმცა ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშიც პრესტიჟული იყო. საკმაოდ დიდი ანაზღაურება გვქონდა. თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ზოგჯერ გვეხუმრებოდნენ, თუმცა ამაში სიმართლის მარცვალიც იყო: ბიჭო, წაგვიყვანეთ ლანჩხუთში, მოვკვდით 300 მანეთზე თამაშითო.

© photo: courtesy of Gia Giligashviliგია გილიგაშვილი-პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის პოზიციაზე
ლანჩხუთის „გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი, არასაბჭოური საქციელი და „გადარეული დუნია“ - Sputnik საქართველო
გია გილიგაშვილი-პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის პოზიციაზე

- არადა, არ იყო ეგ პატარა ფული იმ დროს...

- არ იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ გაცილებით მაღალი ანაზღაურება გვქონდა. გული კი იმაზე მწყდება, რომ მაშინ სხვა დრო იყო და უცხოეთში გასვლის და თამაშის საშუალება არ გვქონდა, თორემ სულ სხვანაირად მოვემზადებოდით.

- არასაფეხბურთო ამბებიდან რას გაიხსენებდით?

- მახსოვს, სადაც ჩავდიოდით ხოლმე ადგილობრივი გუნდი გვახვედრებდა ავტობუსს, რომლითაც სტადიონზე და სხვადასხვა ადგილას მივყავდით. ერთხელ, დუშანბეში ყოფნის დროს, ავტობუსში მთელი გზა ხმამაღლა ვკამათობდით. მძღოლმა ქართული არ იცოდა და ბოლოს გაოცებულმა გვკითხა: ვიცი, რომ ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ხართ, მაგრამ გამაგებინეთ, მთელი გზა ასე ცხარედ რაზე კამათობდითო? ამ დროს ჩვენი კამათი, იცით, რას ეხებოდა? -ვინ უფრო მაგარი ქალი იყო: ირინა პანაროვსკაია თუ ლაიმა ვაიკულე? ნახევარი გუნდი ამბობდა: პანაროვსკაიაო, მეორე ნახევარი- ვაიკულეს. კაცი მოკვდა სიცილით.

- თუ საიდუმლო არ არის, თქვენ რომელ ნახევარში იყავით?
- მე პანაროვსკაია რომ მოსწონდა იმ ნახევარში ვიყავი...

- დღეს ფეხბურთში ესტაფეტა ქალებმა აიღეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ოდესმე წარმოიდგენდით ამას?

- ლანჩხუთის ქალთა გუნდის ბოლო თამაში ინტერნეტში ვნახე. გოგოებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, საერთოდ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალიან პროგრესირებს. როგორც ჩანს, გურულმა ნიჭმა და სიხალისემ ისევ იყივლა. ისინი სხარტი ნიჭის პატრონი არიან, ამჯერად ქალებმა ივაჟკაცეს და დაამტკიცეს, რომ ფეხბურთი მაინც გურულების საქმეა. დღეს ასე ხუმრობენ: ლანჩხუთის ქალთა გუნდის მოთამაშეები ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს მივათხოვოთ, რომ 15 წლის მერე, წამოვიდეს თაობა, რომელიც მსოფლიოს გააოცებსო. სხვათა შორის, კარგი იდეაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0