თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს. მხარეებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს: ვითარება მთიან ყარაბაღში, ავიამიმოსვლის აღდგენა, სატვირთო ავტოგადაზიდვები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ა.შ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები.
„მიმოიხილეს რუსულ–ქართული სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები. პოლიტიკური კონიუნქტურისა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მნიშვნელობით მეორე საგარეო–სავაჭრო პარტნიორი და ქართული პროდუქციის, პირველ რიგში, ღვინის, მსხვილი იმპორტიორია“, – აღნიშნულია რუსული სამინისტროს განცხადებაში.
ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემითა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების პრობლემით.
საქართველომ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა: აბაშიძე განმარტავს>>
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.