კლინიკა „გულის“ თითქმის ყველა თანამშრომელი ინფიცირებულია

© AP Photo / Ali Shirbandკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში კოვიდ–ინფექცია ერთ-ერთი პაციენტისგან გავრცელდა, რომელიც სტაციონარში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შეიყვანეს.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

კლინიკაში ინფიცირებულია 40 ექიმი, 30 სანიტარი, მედდა და სხვა პერსონალი. კორონავირუსი დაუდგინდა საავადმყოფოს გენდირექტორს, „ნაცმონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მამას ანზორ მელიასაც. კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყარო ერთ-ერთი პაციენტი გახდა.

„კლინიკის თითქმის ყველა თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფექცია დამიდასტურდა მეც. მთავარია, რომ არ მაქვს ტემპერატურა და სხვა გართულებები. თვითიზოლაციაში ვიმყოფები. კლინიკაში მუშაობს კარდიოქირურგიული დეპარტამენტი, სანამ მათ ამის რესურსი გააჩნიათ. ექიმებს სანამ შეუძლიათ, ოპერაციებს გააკეთებენ“, – განაცხადა მელიამ. 

ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ქუთაისის პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მელიას განცხადებით, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტები მალავდნენ, რომ მათ ჰქონდათ ტემპერატურა და სიცხის დამწევ მედიკამენტებს იღებდნენ. როგორც მან აღნიშნა, თუ კლინიკები არსებული პროტოკოლით გააგრძელებენ მუშაობას, დიდი ალბათობით, ბევრი მათგანი უბრალოდ დაიკეტება.

„გულის პრობლემებით პაციენტები, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებდნენ, ინფიცირებული იყვნენ, თუმცა ამას მალავდნენ და თვითმკურნალობას ეწეოდნენ. ისინი ჩვენთან ისეთ მდგომარეობაში მოვიდნენ, რომ იძულებული ვიყავით მიგვეღო. ორ პაციენტს, რომელიც მწვავე ინფარქტით მივიღეთ, კორონავირუსი ჰქონდა. სხვაგან მათი გადაყვანა ვერ მოვახერხეთ, რადგანაც ფიზიკურად ადგილი არ იყო. შესაბამისად, ყველა დავინფიცირდით“, – განაცხადა მელიამ.

ამ დროისათვის კლინიკაში მხოლოდ გადაუდებელი და სასწრაფო ოპერაციები კეთდება, სამედიცინო დაწესებულება სხვა პაციენტებისთვის დაკეტილია. კლინიკა მუშაობას მას შემდეგ განაახლებს, რაც პერსონალი გამოჯანმრთელდება.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი დიდი ნაწილი თბილისზე მოდის.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსის დაახლოებით 119 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა დაახლოებით 99 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 1 124 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0