თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ინფიცირებულთა ნაწილმა ვირუსი უკვე დაამარცხა, რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში გადის მკურნალობის კურსს.
№4 შერეული პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომელთა ინფიცირების წყარო უცნობია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
პოლიკლინიკაში, რომელიც ფუნქციონირებას აგრძელებს, აცხადებენ რომ კოვიდ–ტესტებთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.
საქართველოში სექტემბრიდან ეპიდვითარება გაუარესდა. პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ექიმები, მედდები, სანიტრები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ინფიცირებული პაციენტების გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ.
მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვიც – დღეში 100-ზე მეტი მედიკოსი ავადდება. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 5 ათასი მედიკოსია ინფიცირებული.
სამედიცინო პერსონალს შორის იზრდება სიკვდილიანობის შემთხვევებიც – ბოლო დღეებში მხოლოდ აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.
პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების დაახლოებით 112 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 92 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში 18 526 აქტიური შემთხვევაა.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.