თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დამატებითი შეზღუდვები სარესტორნო სფეროსთვის დამღუპველი იქნება და ათი ათასობით ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეპიდვითარების გაუარესების გამო მიმდინარეობს მსჯელობა წერტილოვან შეზღუდვებზე. ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რათა გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.
ბურჯანაძის თქმით, დიალოგის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ორი პრობლემის დაბალანსებაა.
„პირველივე რეგულაცია შეეხო 22:00 საათიდან რესტორნების დაკეტვას, მეორე იყო უკვე 22:00 საათიდან კომენდანტის საათის გამოცხადება და ასევე რესტორნებმა თითქმის ორი საათით გადაწიეს მათი სამუშაო გრაფიკი. დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, დამატებით ნებისმიერი შეზღუდვა, ეს არ იქნება შეზღუდვა, არამედ იქნება მთლიანი ლოკდაუნი სფეროსი. აქედან გამომდინარე, დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ეს წარმოადგენს პრობლემას“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1085 ადამიანი.
ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.