თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დილის საათებში მოხდა. დაჭრილმა „112“-ში თავად დარეკა.
სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მაშველთა ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.
უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი ტყიდან საკაცის საშუალებით ფეხით გამოჰყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.
გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ გარდაცვლილი მამაკაცის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე.
62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ნიკა ლატარია