თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ჩემი ადმინისტრაცია არ იქნება ბარაკ ობამას მესამე ვადა, განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციაში რვა წლის განმავლობაში ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
მანამდე ბაიდენი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის თავის ადმინისტრაციაში ახალი სახეების დანიშვნას კი არ გეგმავს თანამდებობებზე, არამედ ისეთი ხალხის მოყვანას, რომლებიც ობამას ადმინისტრაციიდან არიან ცნობილი.
„ეს ობამას მესამე ვადა არ არის. ჩვენ სრულიად სხვა მსოფლიოს შევეჯახეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ლანდშაფტი შეცვალა. ახლა ეს არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ანუ „ამერიკა მარტოობაში“, — თქვა ბაიდენმა NBC-სთან ინტერვიუში.
გარდა ამისა, ამერიკული პრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ცნობილმა დემოკრატმა კანდიდატმა ასევე გაახმოვანა თავისი მმართველობის პირველი 100 დღის გეგმები. მისი თქმით, ეს პერიოდი მიგრაციულ რეფორმასა და კორონავირუსთან ბრძოლას დაეთმობა.
„მე სენატს გადავუგზავნი კანონს იმიგრანტების შესახებ, რომელიც 11 მილიონ დაურეგისტრირებელ ადამიანს მოქალაქეობის მიღებისკენ გაუხსნის გზას“, — თქვა ბაიდენმა.
კიდევ ერთი გეგმა – მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რამდენიმე ბრძანებულების გაუქმებაა, რომლებმაც, მისი აზრით, ადამიანებსა და კლიმატს ზიანი მიაყენა. ამასთან დემოკრატი კანდიდატი პირობას დებს, რომ არ წამოაყენებს ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივას.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მასმედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს უკვე აქვს გამარჯვებისთვის საკმარისი რაოდენობის ხმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან. გასული დღე-ღამის განმავლობაში სამმა საკვანძო შტატმა — პენსილვანიამ (20 ელექტორალური ხმა), მიჩიგანმა (16) და ნევადამ (6) არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.