თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში პერიოდულად ტარდება აქციები, რომლებშიც სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობა მონაწილეობს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა გახდა შემთხვევების ზრდის მიზეზი. საარჩევნო პერიოდში ყველამ დავინახეთ აქტივობა ქუჩებში. მხედველობაში მაქვს არა თავად არჩევნები, არამედ აქციები და უპასუხისმგებლო ძალების კამპანია, რომლებიც თავის მომხრეებს არ მოუწოდებდნენ პირბადის ტარებისკენ, არამედ, პირიქით, მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ... ამ აქციებს უკავშირდება ქვეყანაში დღეს არსებული დინამიკა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კონსტიტუტით ხელისუფლებას არ შეუძლია სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუმცა, წესების დაცვის ვალდებულება ყველას აკისრია.
„როდესაც ჩვენ ვიცით, თუ რა გახდა მიზეზი, ჩვენ შეგვიძლია ზომების გატარება, რათა მსგავსი ვითარება მომავალშიც არ განმეორდეს. კონსტიტუციით ჩვენ არ შეგვიძლია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ თითოეული ადამიანი ვალდებულია დაიცვას წესები და გაუფრთხილდეს საკუთარ თანამოქალაქეებს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, მთავრობას წინასაარჩევნო პერიოდსა და საპროტესტო აქციების დროს რაიმე შეზღუდვის დაწესება არ შეეძლო, მაგრამ ახლა გარკვეული შეზღუდვები განიხილება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 111.818-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 92.215 შეადგინა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 1.051 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.