თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ვირუსისი გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანაში სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში საზოგადოებაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ ან დღეს უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება სისტემურ შეზღუდვებთან, „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით, თუმცა ასე არ არის. ეს გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციის გზით უნდა იყოს მიღებული, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ვერ გამოაცხადებს სისტემურ „ლოკდაუნს“, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს ეკონომიკური სიტუაცია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.
გუშინ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან და კლინიკების დირექტორებთან შეხვედრები გამართა – განხილვის თემა ქვეყანაში შექმინილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო.
ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 111.818-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 92.215 შეადგინა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 1.051 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.