თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის 1/16 ფინალში შვედეთის „როსენგარდს“ დაუპირისპირდება. ტურნირის გათამაშება შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.
დაპირისპირება ორ მატჩს მოიცავს - შინ და გასვლაზე. პირველი თამაში 9 ან 10 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩი - 15 ან 16 რიცხვში. სად გამართავს „ლანჩხუთი“ პირველ მატჩს - შინ თუ გასვლაზე, ჯერჯერობით უცნობია.
„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის ძირითად ბადეში ორი რაუნდის გადალახვის შემდეგ კვალიფიკაციიდან მოხვდა. თავდაპირველად გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა ყაზახურ გუნდ „ოკჟეტპესს“ 2:1 მოუგეს, შემდეგ - რუმინეთის „კლუჟს“(1:0).
„ლანჩხუთი“ - პირველი ქართული გუნდია, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონთა ქალთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია ფრანგული „ლიონი“.