თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი 55 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
55 წლის მამაკაცს ინფექცია 19 ნოემბერს დაუდასტურდა, ხოლო 20 ნოემბერს ის კლინიკაში მოათავსეს.
კლინიკის მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, ექიმს თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„ის ინფიცირებულებთან არ მუშაობდა, იყო თერაპიული განყოფილების გამგე. ჰქონდა გულის თანხმლები დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და, სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახსა და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ნოემბერს ასევე გარდაიცვალა 62 წლის ექიმი. მას ფილტვის არტერიის სტენოზი აღენიშნებოდა.
დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 206 პაციენტი მკურნალობს. აქედან 45 კოვიდ-ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ცხრა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად დაახლოებით 3–4 ათასი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების შემთხვევებმა 111 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1051 ადამიანი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.