„თქვენ რაზე ზიხართ?" – როგორ და რატომ მოხვდა მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში

© AP Photo / Achmad Ibrahimკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას რამდენჯერმე ჰკითხეს, რისთვის „ჩასვეს“, მაგრამ მწერლისთვის გაუგებარი იყო ეს კითხვა. ამას მხოლოდ „პატიმრობის ვადის“ მოხდის შემდეგ მიხვდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა მწერალმა და მეცნიერმა როსტომ ჩხეიძემ, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იმკურნალა ციხის საავადმყოფოში სხვა კლინიკებში თავისუფალი საწოლების არარსებობის გამო.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დედაქალაქში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა>>

მწერალი ამჟამად სახლში განაგრძობს მკურნალობას. კრიზისულ მომენტში მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, მაგრამ ადგილების არარსებობის გამო რამდენიმე კლინიკის გამოცვლა მოუწია. ბოლოს ის ციხის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

„თავიდან არ ვიცოდი, ციხის საავადმყოფო რომ იყო. უადგილობის გამო კოვიდიანებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი პალატები. ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე, რას მეკითხებოდნენ. მე მეექვსე პალატაში ვარ–მეთქი. არა, რაზე ზიხართო. კიდევ ვერ გავიგე და ფანჯარასთან ვწევარ–მეთქი“, – აღნიშნა ჩხეიძემ და გაიხსენა, რომ შემდეგ მას ესმოდა უცნაური ხმები თავისი პალატიდან – ყვირილი, კაკუნი, როგორც ეს საპატიმროში ხდება, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეჩვენება.

როდესაც მწერალმა გაიაზრა, სად მოხვდა, გამოწერის დროც დადგა. ის უკვე ტოვებდა საავადმყოფოს, როდესაც დოკუმენტების წარდგენა სთხოვეს.

„არაფერი საბუთი თან არ მქონდა. ატყდა სტვენა, გნიასი, შემომარტყეს ალყა, პატიმარი გარბისო. თან ისე მეცვა, მართლა კატორღელს ვგავდი: სპორტული შარვალი, ზემოდან ქურთუკი, კეპიანი ქუდი, გაუპარსავი წვერი... მძღოლი მანქანით მელოდებოდა ქვევით. გაიგო, პატიმარი გარბისო და გადმოვიდა, აინტერესებდა, ვინ გარბოდა, შევრჩი მე. მერე ექიმი ჩამოვიდა და დაადასტურა, რომ არ ვიყავი პატიმარი“, – აღნიშნა ჩხეიძემ.

საპატიმრო - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: ქართული პენიტენციური სისტემა ევროსაბჭოს წარმატებული ქვეყნების სიაშია

ახლა ქართველი მწერალი სახლში მკურნალობს. თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ როგორც ექიმებმა უთხრეს, ეს საშიში არ არის.

„გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი რისკის ფასად მუშაობენ, ფაქტობრივად ფრონტზე არიან“, – აღნიშნა მწერალმა.

როსტომ ჩხეიძე მწერალი და მეცნიერია. იკვლევს უძველეს კულტურებს, ბიბლიას, არაბულ ლიტერატურას. არის მრავალი მონოგრაფიის, ლიტერატურულ–კრიტიკული სტატიისა და ჩანახატის ავტორი, ასევე ეკუთვის პიესები და მხატვრულ–დოკუმენტური წიგნები, მათ შორის 29 ბიოგრაფიული რომანი.

ყველა ახალი ამბავი
0