თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. „ევროპული საქართველოსა“ და მისი პარტნიორებისთვის დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
ქართული ოპოზიცია ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები არ შეცვლილა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დათმობის ზღვარი არის მხოლოდ ხელახალი არჩევნები.
„ამ ქოლგის ქვეშ არის მოთხოვნების მთელი წყებაა, რა უნდა შეიცვალოს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, მარტო ცესკოს თავმჯდომარე არა, მთელი სტრუქტურის შეცვლაა საჭირო, რომ შემცირდეს რისკები, რათა ნორმალური იყოს ის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, აქციები, სამოქალაქო პროტესტი და ოპოზიციის შეხვედრები მანამდე გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები.
„ეს არის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინება საზოგადოების მხრიდან ამ სამარცხვინო თამაშის წესების მიუღებლობის, რასაც ივანიშვილი თავს გვახვევს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.
„სამართლიანი არჩევნები“: მეორე ტურზე სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა >>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს (150-დან), საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.