ქართული სინამდვილე: ცხოვრებაში ერთხელ გამოჩენილი სისუტე და 50 მოღალატე აზნაური

© Pixabay / 131355ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
VII-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის სამეფოს უწოდებდნენ, რომელმაც დაახლოებით ორსაუკუნენახევარი იარსება. 

ეს იყო მხოლოდ ქართული პოლიტიკური ერთეული, მხოლოდ ქართული ენით. იმდროინდელ ნუმიზმატურ, არქეოლოგიურ თუ წერილობით წყაროებში ვერსად შევხვდებით თუნდაც ერთ წინადადებას, რომელიც აფხაზურ ენაზე იქნებოდა შესრულებული. უფრო მეტიც, აფხაზთა მეფე გიორგი მეორის დაკვეთით, სამეფო კარზე დაიწერა მეფეთა გენეალოგიური ნუსხა „აფხაზთა მეფეთ დივანი“, რომელიც ასევე ქართულ ენაზეა შედგენილი.

აფხაზეთის სამეფო კარმა და მისმა დიდგვაროვნებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს გაერთიანების პროცესში. თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უძღოდა ეკლესიის ერთიანობის აღდგენა. საქმე ის გახლდათ, რომ VIII–IX საუკუნეების აფხაზეთის სამეფოში ძალიან დიდი იყო ბიზანტიის გავლენა. კონსტანტინეპოლის დასაყრდენს დასავლეთ საქართველოში არსებული ბერძნული საეპისკოპოსოები წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველო დაყოფილი იყო ოთხ ბერძნულ სამიტროპოლიტოდ, სადაც მღვდელმსახურებაც ბერძნულ ენაზე ტარდებოდა.

დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
„რუსის მეფეთა მეფე დაუდი“: რატომ იხსენიებენ სპარსი ისტორიკოსები აღმაშენებელს რუსეთის მეფედ

სანამ ბიზანტია ძლიერი იყო, აფხაზეთის მეფეები ერიდებოდნენ კონსტანტინეპოლის სამეფო კართან დაპირისპირებას. ხოლო როცა ბიზანტია არაბებთან ბრძოლაში დასუსტდნენ, აფხაზეთის ერისთავებმა (მოგვიანებით კი მეფეებმა) ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამის შემდეგ აფხაზეთის მეფეები — ლეონ მეორე, კონსტანტინე მესამე, გიორგი მეორე ბიზანტიისაგან მართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოშორებისა და მის მცხეთის კათალიკოსის დაქვემდებარებაში გადასვლისათვის, ანუ საქართველოს საეკლესიო ერთიანობისათვის იღწვოდნენ.

ბიზანტიის ეკლესიური გავლენისაგან თავის დაღწევის მიზნით, გააუქმეს სებასტოპოლის (ცხუმის), ბიჭვინთის, გუდაყვისა და ფაზისის ბერძნული სამიტროპოლიტოები და მათი ადგილი ახლადშექმნილმა ეპარქიებმა დაიკავა. აფხაზეთის მეფე გიორგი მეორის ძალისხმევით შეიქმნა ჭყონდიდის ეპარქია, ლეონ მესამემ საფუძველი ჩაუყარა მოქვის საეპიკოსოპოსოს, ხოლო ბედიის საეპისკოპოსო ბაგრატ მესამის დროინდელია. ახალი ეპარქიები მცხეთის კათალიკოსს ემორჩილებოდნენ და წირვა - ლოცვაც, შესაბამისად, ქართულ ენაზე ტარდებოდა.

აფხაზთა მეფის, ეკლესიათა ამშენებლად წოდებული გიორგი მეორის დროს აფხაზეთის სამეფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ის 922 წელს ავიდა ტახტზე, მამის, კონსტანტინე III-ის გარდაცვალების შემდეგ. გიორგის გამეფებას არ შეურიგდა მისი ნახევარძმა ბაგრატ უფლისწული, რომელსაც დახმარებას სიმამრი — გურგენ კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავი უწევდა. გურგენი ფინასურადაც ეხმარებოდა სიძეს და ცოცხალი ძალითაც მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც გიორგიმ ვერ შეძლო ნახევარძმის დამარცხება.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
იდუმალებით მოცული მკვლელობა, ანუ ამბავი ქართველი მეფისა და უცნობი „ოვსი ყმისა“

მაგრამ X საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ბაგრატ უფლისწული მოულოდნელად გარდაიცვალა და გიორგი მეორემ სამეფოს მთელ ტერიტორიაზე შეძლო კონტროლის დამყარება და წესრიგის აღდგენა.

მემატიანეს ცნობით გიორგი მეფე ყოფილა „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვანებითა“. ღვთისმოყვარე, ეკლესიების მაშენებელი, გლახაკთმოწყალე, გულუხვი, თავმდაბალი, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე. მან ააშენა და განამშვენა ჭყონდიდის ტაძარი, მრავალი სიწმინდე დააბრძანა იქ და საეპისკოპოსო ცენტრად აქცია.

იმ ეპოქის აფხაზთა სამეფო კარგად იყო განვითარებული ეკონომიკურად, მაღალ დონეს მიაღწია კულტურამაც, შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. გიორგი მეორის დროინდელი აფხაზეთი გახდა ქართული საეკლესიო მწერლობის ცენტრი.

საშინაო პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარების შემდეგ, გიორგი აქტიურად შეუდგა ექსპანსიურ საგარეო პოლიტიკას, რაც დაქუცმაცებული საქართველოს თავისი სკიპტრის ქვეშ გაერთიანებას ითვალისწინებდა. პირველი იერიში ქართლზე მიიტანა, სადაც მრავალხელისუფლებიანობა იყო: ქვემო ქართლი თბილისის არაბ ამირას ემორჩილებოდა, შიდა ქართლზე პრეტენზიას კახეთის ქორეპისკოპოსი აცხადებდა და ამას გარდა, ქართლზე ასევე ეჭირათ თვალი სომეხ მეფეებსაც.

გიორგი სწრაფად ამოქმედდა და აღადგინა აფხაზეთის მეფის გავლენა შიდა ქართლზე. მან ქართლის ერისთავად თავისი უფროსი ვაჟი კონსტანტინე დანიშნა, რომელიც სამი წელი მართავდა საერითავოს. მერე კი, „ვითარ დაყოს სამი წელიწადი, იწყო მტრობად მამისათვისა და ზებნად მეფობისა“, რისკენად ადგილობრივმა დიდებულებმა წააქეზეს.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
ამბავი უიღბლო ქართველი მეფისა: უსამართლოდ დავიწყებული ვახტანგ მესამე

აჯანყებულ უფლისწულს მხარი დაუჭირეს ტბელებმა და ქართლის სხვა დიდაზნაურებმა, რომლებმაც კონსტანტინე ქართლის მეფედ აკურთხეს.

გიორგი აფხაზთა მეფეს თავიდან არ სჯეროდა შვილის განდგომის ამბავი, მაგრამ როდესაც ღალატი აშკარა გახდა, სასწრაფოდ ჯარი შეჰყარა და 929 წელს ქართლისკენ დაიძრა. დასახმარებლად მან მოკავშირეებს — კახეთისა და ტაო-კლარჯეთის მეფეებს უხმო და კონსტანტინე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის კარგად დაცულ უფლისციხეში გამაგრდა და იქიდან გააგრძელა წინააღმდეგობა. დღე დღეს მისდევდა, ქვეითები თუ მხედრები დაუნდობლად ჩეხდნენ ერთმანეთს, მაგრამ უპირატესობას ვერცერთი მხარე ვერ აღწევდა.

გიორგი მეორემ, რაღაი ნახა, რომ უფლისციხის მრავალრიცხოვან დამცველებს ვერაფერს აკლებდა, მოღალატე შვილის ციხიდან გამოსატყუებლად ვერაგობას მიმართა. კონსტანტინეს ბანაკში მყოფი საზვერელი აზნაურები (შემდგომში საჩინოს ერისთავების, ჩიჯავაძეების წინაპრები) მოისყიდა, რომლებმაც დაარწმუნეს კონსტანტინე, სანამ მეფე გიორგი უფლისციხესთან დგას, ქუთაისში მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და შენ მისვლას ელოდებიან, რათა გაგამეფონო. კონსტანტინემ სიცრუე დაიჯერა, ღამით უფლისციხე დატოვა და რამდენიმეკაციანი ამალით  დასავლეთ საქართველოსკენ აიღო გეზი. მტკვრის  მეორე ნაპირზე ტივით გადასულ კონსტანტინეს თავისივე ამალის წევრებმა შეპყრობა დაუპირეს, ქართლის მეფემ ტივის უკან მიბრუნება კი მოახერხა, მაგრამ უფლისციხეში შეღწევა ვეღარ შეძლო, რადგან აფხაზთა მეფემ მოღალატე შვილს ციხემდე მისასვლელი ყველა გზა მოუჭრა. მარტოდმარტო დარჩენილმა კონსტანტინემ ღამე კლდის ნაპრალთან გაათია, გამთენიისას კი გიორგი მეორის მეომრებმა იპოვეს და მამას მიჰგვარეს.

უფლისციხის უმეთაუროდ დარჩენილმა დამცველებმა წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს და ციხე აფხაზთა მეფემ აიღო. მერე მოღალატეთა დასჯის დრო დადგა: კონსტანტინეს თვალები დათხარეს და დილეგში ჩააგდეს, სადაც მალე დალია სული; ტბელებს სიცოცხლე კი შეუნარჩუნეს, თუმცა ასფურაგანში (სომხეთი) გააძევეს, ქართლი კი სამართავად ლეონს დაუტოვეს.

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
ქართველთა მიერ შემუსრული „დაწყევლილი ქალაქი“, ანუ რატომ ადევს ალეპოს სააკაძის ცოდვა

გიორგი მეორის გავლენა ვრცელდებოდა ტაო-კლარჯეთზეც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი აქტიური ხელშეწყობით, დაახლოებით 922 (სხვა ვერსიით 925) წელს, ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ალანიაში ეპისკოპოსი პეტრე სწორედ აფხაზთა მეფის ძალისხმევთ დაინიშნა. მომთაბარე ალანების გაქრისტიანებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ მისტიკოსმა მადლობა გადაუხადა გიორგის და მას „ბრწყინვალე ექსუსიატი“ (მფლობელი) უწოდა და ამით ირიბად მიანიშნებდა, რომ ალანიას მის სამფლობელოდ აღიარებდა.

აფხაზთა სამეფოში შედიოდა ჯიქეთიც. მის მორჩილებაში იყო ჯავახეთისა (თმოგვი და მისი მიმდებარე ტერიტორია) და ქვემო ქართლის ნაწილიც (სამშვილდე და მისი მიმდებარე ტერიტორია). რაც შეეხება ჰერეთს, ეს რეგიონი ჯერ კიდევ გიორგის მამამ — კონსტანტინე მესამემ და კახეთის მეფე კვირიკემ გაიყვეს და შესაბამისად, გიორგი აფხაზთა მეფის მფლობელობაში ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც რჩებოდა.

აფხაზთა მეფე ასევე აქტიურად ერეოდა კახეთის სამეფოს საქმეებშიც და მის ხელში ჩასაგდებად ძალისხმევას არ იშურებდა. 939 წელს გარდაიცვალა მისი მოკავშირე ფადლა კახეთის ქორეპისკოპოსი და მის ნაცვლად კახეთის ხელისუფალი გახდა ფადლას სიძე კვირიკე II. ახალგაზრდა მეფეს აზნაურები აუჯანყდნენ და დასახმარებლად აფხაზთა მეფეს უხმეს. გიორგიმ სიამოვნებით მიიღო ეს მიწვევა და ლაშქრით კახეთისკენ დაიძრა. იქაურობა კი მოარბია, „მოსწუა და ასწყვდა“, თუმცა კვირიკე ხელში ვერ ჩაიგდო და ატენში დაბრუნდა გამოსაზამთრებლად.

იქ აფხაზთა მეფემ ჯარი შეავსო და ახალი ძალით შეუტია კახეთს. კვირიკე მას ბანაკში ეახლა და ზავი ითხოვა, თუმცა მერე გაპარვა დააპირა. აფხაზებმა გაუგეს ჩანაფიქრი და შეიპყრეს. გიორგიმ კახეთის მეფის ოჯახის სხვა წევრების დაპატიმრებაც განიზრახა, მაგრამ ხელი მოეცარა. ქართველმა აზნაურებმა კახელებს შეატყობინეს აფხაზთა მეფის განაზრახი და კვირიკეს ოჯახის წევრებმა მიმალვა მოასწრეს.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
რატომ არ სჯიდნენ ბაგრატიონები სიკვდილით მოღალატე ბაღვაშებს: მეფეთა მადლიერება

კახეთის დაკავება სისხლისღვრის გარეშე ვერ მოგვარდა, ამიტომ აფხაზებმა ლაშქრობა განაგრძეს. კვირიკეს ძმამ — შურტამ, იგრძნო რა, გიორგი აფხაზთა მეფის მოახლოება, ღალატის გუნებაზე დადგა:

„მოერთო შტორა (შურტა), ძმა კვირიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფეს და მიუტანა თანა ციხე მისი უჯარმა, და ეუფლნეს სხუათა ციხეთა კახეთისათა თვინიერ სამთა ციხეთა: ნახჭოვნის, ბოჭორმისა და ლოწობანთა“.

კვირკემ ბრძოლა წაგებულად ჩათვალა, ბედს შეურიგდა და „დაულოცა კახეთი“ გიორგი მეფეს იმ პირობით, რომ ნახჭევნის ციხეს დაუყოვნებლივ გადასცემდა, თავის შვილს, დავითს, მძევლად დაუტოვებდა, ხოლო თვითონ ბოჭორმის  ციხეში დარჩებოდა გაზაფხულამდე და აღდგომის დღესასწაულისათვის მასაც დაცლიდა.

ამის შემდეგ მეფე გიორგი თავისი ჯარით დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

ბოჭორმაში მყოფი კვირკე კახეთის დატოვებას აპირებდა უკვე, როცა მასთან ქართლის აზნაურები მივიდნენ და აფხაზთა მეფესთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზეს. „მატეანე ქართლისაი“ გადმოგვცემს:

 „მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოელნი, სარა და გრიგოლ ძმანა ფრუელნი და მათთან ორმოცდაათი აზნაური სხვა და მიერთნენ კვირკეს დაუწყეს ბრძოლად ციხეთა და მცირეთა დღეთა წარუხუნეს ციხეში ყველანი; დაარღვევინეს შურის ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კვირკე მამულსა თვისსა“.

ამ ბრძოლაში კვირიკე გამარჯვებული გამოვიდა. მან თითქმის ყველა ციხე უკან დაიბრუნა და ისევ დაეუფლა კახეთს. ამან სასტიკად განარისხა აფხაზთა მეფე, მან მკაცრად მოსთხოვა პასუხი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც კვირიკეს შეწყალება ურჩია, ხოლო კახთა მეფის დასაჯელად  ჯარი გაგზავნა უფლისწულ ლეონის სარდლობით.

მაგრამ ლეონს ლაშქრობის შეწყვეტა მოუხდა, ვინაიდან აფხაზთა მეფე გიორგი მეორე გარდაიცვალა და ქუთაისში უნდა დაბრუნებულიყო გვირგვინის თავზე დასადგმელად... ერთადერთხელ გამოიჩინა სისუტე გიორგი აფხაზთა მეფემ და ცოცხალი დატოვა მტერი, რაც ცუდად შემოუბრუნდა ჩვენს ქვეყანას, რომელიც ძალიან ახლოს იყო გაერთიანებასთან. 

ყველა ახალი ამბავი
0