„მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“ - კალაძემ ოპოზიციას მიმართა

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა შესთავაზა ოპოზიციას ურთიერთკრიტიკის პარალელურად ქვეყნის საკეთილდღეოდ გაერთიანება სცადონ

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან შესთავაზა.

ქართული ოპოზიცია ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა - ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები არ შეცვლილა.

ოპოზიციის აქცია ცესკოსთან - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

„დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები. იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება“, - ნათქვამია კალაძის მიმართვაში.

რა საკვირველია, ეს ყველაფერი „დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს“, აღნიშნავს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი.

„აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს. როგორც იცით, პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

მისი თქმით, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა შეძლონ გაერთიანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი უარი: სააპელაციო სასამართლომ ორი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

„ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი; ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს... იქნებ, ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ. იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს“, - ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ როგორც დედაქალაქის მერი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამისათვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“, - აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.

ოპოზიციის აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მოქმედების გეგმა ოპოზიციისთვის: პარლამენტი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

ოპოზიცია 31 ოქტომბრის შედეგებს არ ეთანხმება, მართავს საპროტესტო აქციებს, მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0