დრიფტის ფინალური ეტაპი მახათას მთაზე გაიმართება

გამოწერა
ღონისძიებას მსაჯთა საერთაშორისო კოლეგია აფასებს. გამარჯვებულები კი სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დრიფტის მესამე, ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს, 14:00 საათიდან მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მასში 30-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, იუწყება „პირველი არხი“.

2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე დრიფტის ჩემპიონატი საქართველოში სამ ეტაპად ტარდება.

პირველი ეტაპი ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდარ კოდუას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ეტაპი კი უპრეცედენტო ადგილზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარედ გაიმართა, სადაც გამარჯვება გამოცდილმა მრბოლელმა მევლუდ მელაძემ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, რის გამოც მას ყველაზე მეტი ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია. კოდუას, მელაძესა და ხეროდინაშვილს შორის ქულათა სხვაობა მინიმალურია. შედეგად – ფინალურ ეტაპზე სანახაობრივ რბოლას ელოდებიან.

დრიფტი ავტოსპორტის სანახაობრივი მიმართულებაა, რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მახათას მიმდებარედ გასამართ შეჯიბრებას მაყურებელი მხოლოდ პირბადითა და დისტანციის დაცვით დაესწრება.

ქალები საჭესთან: საქართველოში პირველად გაიმართება ქალების სათავგადასავლო ავტორბოლა>>

ღონისძიებას, რომელიც BMW Club Georgia-ს ორგანიზებით ტარდება, საერთაშორისო მსაჯთა კოლეგია აფასებს. აღნიშნული ჩემპიონატის მიზანია აღიკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები. შეჯიბრებაში გამარჯვებულები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0