თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არც ერთი სტრატეგიული პარტნიორი არ აღიარებს და მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატები, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის კომენტარისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება. ის გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
„ჩვენი არც ერთი სტრატეგიული პარტნიორი, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს მაიკ პომპეო, არ აღიარებს იმ არჩევნების შედეგებს და არ ითანამშრომლებს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთპარტიული რეჟიმით დააკომპლექტებს პარლამენტს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა საკუთარი აზრი პომპეოს საქართველოში ვიზიტის მიზეზებზეც გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ გარდა საქართველოში არჩევნების გამო შეშფოთებისა, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ რეგიონში მომხდარ გეოპოლიტიკურ „გადაწყობებს" უკავშირდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ნოემბრის ტურნეს ფარგლებში მაიკ პომპეო ეწვევა თურქეთს, საქართველოს, კატარს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქციის გამართვას გეგმავს.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებსა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში სდებენ ბრალს.