არჩევნები საქართველოში: IRI-ს შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა

© Sputnik / Seyran Baroyanსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
IRI-ს დამკვირვებელთა აზრით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასაკმარისად გამჭვირვალე იყო, რათა საერთაშორისო სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, და დარღვევებით ჩატარდა.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დადგენილი სტანდარტები და შეამცირა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკურ შუალედურ შეფასებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს არჩევნებისადმი ნდობისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მეორე ტურამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა.

„არჩევნები შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით, ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა. თუმცა, პროცედურული კუთხით შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.

დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს შორის შუალედური ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ ადამიანური რესურსების გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას, საუბნო საარჩევნო კომისიების დასკვნით ოქმებსა და შედეგების მართვის პროცესში ციფრებით მანიპულირებას, რაც იყო „არასაკმარისად გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“.

21 ნოემბერს დანიშნული მეორე ტურისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების ფონზე, მომავალი არჩევნებისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, სადამკვირვებლო მისია რეკომენდაციებს გასცემს.

„არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან. მხარეები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ოპოზიცია არ ცნობს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებს პარლამენტში შესული არც ერთი ოპოზიციური ძალა, რომლებმაც უკვე განაცხადეს უარი როგორც დეპუტატის მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0