თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღევანდელ მატჩს სომხეთთან რთული უწოდა.
სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: მაკედონიელებთან წაგება საქართველოს ნაკრებზე არ აისახება >>
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური მატჩი „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართება. ნაკრებები C დივიზიონის მეორე ჯგუფში ასპარეზობენ, ჩრდილოეთ მაკედონიის და ესტონეთის გუნდებთან ერთად. სამი დღის წინ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის გასული გათამაშების ფინალი მაკედონიასთან წააგო და პირველად ისტორიაში დაკარგა შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო. ამ დამარცხების შემდეგ ვაისმა განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლომდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
„მინდორზე გასვლა ადვილი არ იქნება. მაგრამ გუნდში არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მოიცილებენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების ტვირთს და სომხეთთან მატჩში კარგად ითამაშებენ“, - განაცხადა ვაისმა.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქართველებს ექნებათ შანსი დაიკავონ პირველი ადგილი ჯგუფში და В დივიზიონში გასვლაზე იბრძოლონ. ვაისმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთთან მატჩის დროს აპირებს მისცეს შანსი იმ მოთამაშეებს, რომლებიც მაკედონიასთან მატჩის დროს სათადარიგო სკამზე იყვნენ.
აქამდე სომხეთმა და საქართველომ ერთა ლიგის ტურნირის ფარგლებში 11 ოქტომბერს თამაში ფრედ 2:2 დაასრულეს. თამაში ერევანში უნდა გამართულიყო, თუმცა სომხეთში სამხედრო მდგომარეობის გამო ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთში გაიმართა.
ამ დროისათვის, უეფას ერთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით С დივიზიონის მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ქულათა იგივე რაოდენობა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიასაც, თუმცა ის საქართველოს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. სომხეთის ნაკრების აქტივშია ხუთი ქულა და მესამე პოზიცია კვარტეტში. მეოთხე ადგილზეა ესტონეთი, რომელმაც ოთხ მატჩში ორი ქულა დააგროვა.