„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“

© photo: courtesy of Marina Papunidzeმარინა პაპუნიძე
მარინა პაპუნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში ერთ დროს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის ქალიშვილი იყო, თუმცა ამ ფაქტით რაიმე პრივილეგიის მიღება არასოდეს უცდია...

საუბარია 35 წლის სტაჟის მქონე მეან-გინეკოლოგზე, განათლებულ პიროვნებასა და უბრალოდ კარგ ბათუმელზე, მარინა პაპუნიძეზე, რომლის მამა ვახტანგ პაპუნიძე აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე წლების მანძილზე მუშაობდა.

ქალბატონი მარინა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უკვე იმდენი ბათუმელის დაბადების უშუალო მოწმე გახდა, რომ მიახლოებით რიცხვსაც კი ვერ დაგისახელებთ. კორონავირუსის პირობებში მუშაობა უჩვეულო რეჟიმში უწევს. გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მას, რათა დღევანდელ საქმიანობაზეც ესაუბრა და ბავშვობის წლებიც გაეხსენებინა.

© photo: courtesy of Marina Papunidzeგარდენიაში
„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“ - Sputnik საქართველო
გარდენიაში

- ქალბატონო მარინა, ვიცი, რომ დღეს მარტო მეან-გინეკოლოგი არ ხართ და გარკვეულწილად ფსიქოლოგობაც გიწევთ...

- ორი თვეა ამ რეჟიმში ვმუშაობთ, ასე არასოდეს ვყოფილვართ. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით თბილისმა გადაუსწრო ბათუმს, მაგრამ აქაც ბევრია. კორონას პერიოდში ძალიან რთულია ფეხმძიმე ქალებთან ურთიერთობა. ჩვენს სამშობიარო სახლში კოვიდ-ინფიცირებული ორსულებიც გვყავს. ორსულობა ისედაც უცვლის მათ ფსიქიკას და ახლა წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობას კორონა როგორ ამძაფრებს. სულ შიშში არიან და ჰაერის უკმარისობა აქვთ. ვალდებული ვართ ისინი დავამშვიდოთ, მოვეფეროთ, რათა დაძაბულობა რამენაირად მოეხსნათ. აქედან გამომდინარე, როცა სამსახურიდან მოვდივარ, მეც დაძაბული და დაპანიკებული ვარ. ცოტას ვისვენებ ხოლმე და მერე სამზარეულოში შევდივარ, ეს ჩემთვის ერთგვარი განტვირთვააა...

© photo: courtesy of Marina Papunidzeმარინა პაპუნიძე
„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“ - Sputnik საქართველო
მარინა პაპუნიძე

- ალბათ ამ გადასახედიდან უფრო გამორჩეული გეჩვენებათ თქვენი ბავშვობა, მაშინ თუ გრძნობდით ამას?

- მე კომუნისტების პერიოდის, ასე ვთქვათ, საბჭოთა ბავშვი ვარ. იქიდან გამომდინარე, ჩვენ როგორც ვცხოვრობდით და როგორი ოჯახიც გვქონდა, უბედნიერესი ბავშვობა გვქონდა. თუმცა მამის თანამდებობის გამო ჩემს ცხოვრებაში გარკვეული შეზღუდვები და ჩარჩოებიც იყო. ჩვენთვის ყველაფერი არ შეიძლებოდა ისე, როგორც ჩვენი კლასელებისთვის, რომლებიც თავისუფლად მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ბულვარი იქნებოდა ეს თუ ვინმეს დაბადების დღე. ჩვენ შემთხვევაში სახლში ყოველთვის უნდა სცოდნოდათ სად ვიყავით. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, არაჩვეულებრივი კლასელები მყავდა, ძალიან კარგი ოჯახის შვილები იყვნენ, უბრალოდ, მამა საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო და ეს ჩარჩოები იმის გამო არსებობდა, რომ მამისგან განაწყენებული ვინმე არ შეგვხვედროდა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მამას ქალაქში განაწყენებული არც არავინ ჰყოლია.

© photo: courtesy of Marina Papunidzeგარდენიაში
„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“ - Sputnik საქართველო
გარდენიაში

- ვიცი, რომ ვახტანგ პაპუნიძეს საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ ბათუმში და დღემდე ახსოვთ...

- როცა მამა თბილისიდან ბათუმში გადმოიყვანეს, 74 წელი იყო. ასე უთხრეს, აჭარის კადრი ხარ, თანაც საკმაოდ წარმატებული, პროფესიით აგრონომი და ეკონომისტი და აქურობას გამოადგებიო. მაშინ შევარდნაძის პერიოდი იყო. მას მამა, როგორც განათლებული ადამიანი, ძალიან მოსწონდა, ამიტომ ბათუმში გადმოიყვანეს. ერთი წელი მესამე მდივანი იყო, მერე პირველი მდივანი. როცა მეკითხებიან, „იმ პაპუნიძის“ ვინ ხარო, ვიცი, რომ მამაჩემს გულისხმობენ. მიხარია, რომ ვახტანგ პაპუნიძე ჩემზე უმცროს თაობასაც ახსოვს. თბილისში 126-ე სკოლაში ვსწავლობდი. იქ იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, არაჩვეულებრივი ადამიანი თინა საჩანელი. თავისუფალი ბავშვობაც თბილისში გავიარე. შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე. ამ პერიოდში გავთხოვდი კიდეც, ორი შვილი გავაჩინე და მერე უკან, ბათუმში დავბრუნდი.

© photo: courtesy of Marina Papunidzeსაქმიან შეხვედრაზე
„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“ - Sputnik საქართველო
საქმიან შეხვედრაზე

- იმ დროის ძველი ბათუმი როგორ გახსოვთ?

- მახსოვს „მორვაგზალს“ ვეძახდით ადგილს, სადაც გემები შემოდიოდა. იყო საკრუიზო გემი „ბათუმი-ოდესა“, დიდი გემები „ადმირალი ნახიმოვი“ და „გრუზია“. ახლა „26 მაისის პარკი“ რომ ჰქვია, მაშინ „პიონერთა პარკი“ ერქვა. იმ ქალაქის ნოსტალგია დღემდე მაქვს. ახლა ბათუმი სხვანაირია, უფრო ევროპულს დაემსაგავსა, მაგრამ მე მაშინდელი ბათუმი მენატრება... ვფიქრობ, რომ შეცვლა არაფერს უნდა, არც ძველის დანგრევაა საჭირო, უბრალოდ, უნდა გალამაზდეს ის, რაც არის, ხოლო ძველს რესტავრაცია ჩაუტარდეს.

© photo: courtesy of Marina Papunidzeმეგობრებთან ერთად
„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“ - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

- ვიცი, რომ მეან-გინეკოლოგებში ყველაზე ძლიერი ფილოლოგი ხართ, ვისი დამსახურებაა ეს?

- ჩვენს ოჯახს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მიყვარს ლიტერატურა, პოეზია და ისტორია. ქართული ლიტერატურის არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, მანანა გეგენავა, რომელთანაც დღესაც მაქვს თბილი ურთიერთობა. მან კარგად შეგვასწავლა ქართული ლიტერატურა და მისი დამსახურებაა, რომ ასე მიყვარს. დღესაც კი მანანას ვერ ვეძახი, „მანანა მას“ – ასე მივმართავ ხოლმე.

© photo: courtesy of Marina Papunidzeმარინა პაპუნიძე სამსახურში
„როცა მეკითხებიან, იმ პაპუნიძის ვინ ხარო, ვიცი რომ მამაჩემს გულისხმობენ“ - Sputnik საქართველო
მარინა პაპუნიძე სამსახურში

- კიდევ, ამბობენ, ფანტასტიკური კულინარიაო...

- მართალია, ყველაფერი კარგად გამომდის. დედა მყავდა კარგი კულინარი და ბებიაც, რომელმაც გამზარდა. აბსოლუტურად განსხვავებულ კერძებს ვამზადებ. შემიძლია ფხალ-ლობიოც გავაკეთო და ასევე „გავიფრონცკო“ და მოვამზადო ხორციანი კერძი „პა ფრანცუზკი“, ან კიბორჩხალას სალათი დახეხილ ჰოლანდიურ ყველთან ერთად. თუმცა ჩემებს გამორჩეულად მაინც ფხალ-ლობიო უყვართ. სანათესაოში ყველა ვმარხულობთ ხოლმე და ზამთარში მას დიდ ქვაბში ვაკეთებ და როცა ვიკრიბებით, სქელკანიან მჭადთან ერთად მივირთმევთ. აი, ღვთის წყალობით, მორჩება კორონობა და როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ისევ შევიკრიბებით, ცხოვრება ისევ მშვენიერი გახდება. მთავარია, დღეს ექიმების ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ...

ყველა ახალი ამბავი
0