თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი რვა სრულწლოვანი პირის მიმართ, რომლებიც ე.წ. გიორგი შაქარაშვილის საქმის ეპიზოდებში ფიგურირებენ.
კერძოდ, განსასჯელთა სკამზე მჯდომ პირებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ასევე საქმის მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში და თბილისში წაიყვანეს.
საქმის პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, შესაძლოა, ბრალდებულები საპროცესო გარიგებაზე დათანხმდნენ და ბრალი აღიარონ. არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება უახლოესი მოსმენის დროს შედგეს.
„წინასწარ არ გვსურს პროკურატურის პოზიციაზე საუბარი. ეს მას შემდეგ, რაც ოფიციალური განცხადება იარსებებს. დღევანდელი მდგომარეობით, ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ მოგვმართავს ბრალდებული განცხადებით, ჩვენ მიერ ამ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება. მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამის სურვილი არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.
დღევანდელი მოსმენის დროს გამოკითხეს ხუთი მოწმე, მათ შორის პოლიციელები.
ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ, რომლებიც ამავე საქმეში ფიგურირებენ.
შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა. პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.
ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.