თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. სასამართლო ე.წ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულებების მიმართ განაჩენს პარასკევს, 13 ნოემბერს, 15:00 საათზე გამოაცხადებს, იუწყება „პირველი არხი“.
ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხი შაქარაშვილის მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდებშია ბრალდებული, ხოლო ორი – მის მკვლელობაში. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
საქმის არსებითი განხილვა გუშინ დამთავრდა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.
„გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. მაშინ, როცა ბრალდების მხარეს არ შეუძლია ერთი მტკიცებულების წარმოდგენაც კი, მტკიცებულებათა ერთობლიობაზე საუბარი ზედმეტია, ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდებით“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
პროკურორი კი, თავის მხრივ, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
„კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი. ჩვენი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ ბრალდებაში ყველა პირთან მიმართებით, ვინაიდან მასალების გონივრული შეფასების საფუძველზე წარმოუდგენელია, სხვა მოლოდინი იყოს, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა. პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.
ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.