ერეკლე ხიტალიშვილი
ქვეყანა ისტორიული დღის მოლოდინშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.
საქართველოს ნაკრების შესანიშნავი დასაწყისი „ერთა ლიგაზე“
ყველაფერი 2018 წლის 6 სექტემბერს დაიწყო, როდესაც „ერთა ლიგის“ გათამაშების პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებთან გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარიმოს გარედან გაისროლა და აღნიშნული ტურნირის პირველი გატანილი გოლის ავტორი გახდა. ქართველი „ოქროს ბიჭუნა“ იმ დროისათვის უკვე ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.
გიორგის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2018 წლის 24 მარტს ლიტვასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, სადაც თავი ასევე გატანილი გოლით გამოიჩინა. ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა მიჯრით სამი შეხვედრა მოიგეს. საბოლოოდ ხუთი მოგებითა და ერთი ფრით ჩვენი ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა, რის შედეგადაც ავტომატურად „ერთა ლიგის“ C დივიზიონში აღზევდა. მაშინ ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ორი ნაბიჯი აშორებდა. მართალია, ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ C დივიზიონის საგზური გარანტირებული გვქონდა, თუმცა, „მადა ჭამაში მოდისო“ და ყველა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ფიქრობდა. წინ იყო ბელარუსთან შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.
საქართველო–ბელარუსი – ნახევარფინალი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
ფეხბურთელების თამაშით აღტაცებული გულშემატკივარი 2020 წლის მარტს მოუთმენლად ელოდა. უეფას მიერ წინასწარ დადგენილი თარიღების მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო. გამარჯვებული კი მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მოგებულს შეხვდებოდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამ შეხვედრას „საუკუნის მატჩი“ და „მთელი ერის ოცნება“ უწოდეს.
გულშემატკივრის ანთებული გულები დროებით ჩაქრა, როდესაც საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი „საუკუნის მატჩი“ კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მატჩი 2020 წლის 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ უმაყურებლოდ გაიმართებოდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თამაშზე დასწრება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან იყო დაკავშირებული. ქართველი გულშემატკივარი კი, რომელსაც ასეთი საქართველოს ნაკრები დიდი ხანია არ ახსოვს, პანდემიას არ შეუშინდა და შეხვედრის პირველივე წუთიდან ბორის ბაიჭაძის სახელობის სტადიონთან შეიკრიბა.
90 წუთის განმავლობაში მოედნის ირგვლივ იყო გამამხნევებელი შეძახილები, სიმღერა და ანთებული ფერადი მაშხალები.
ჩვენმა ბიჭებმაც გულშემატკივარს მხარდაჭერა ბოლომდე დაუფასეს. მათ ბელარუს ფეხბურთელებს არაფერი დაუთმეს და თორნიკე ოქრიაშვილის მე-7 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიში შეინარჩუნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას საქმე თითქმის არ ჰქონია. მოწინააღმდეგე გუნდმა ბურთის კარის ჩარჩოში გაგზავნაც ვერ მოახერხა. მაშინ კი საქართველოს საფეხბურთო ოცნება რეალობას მიუახლოდა. ნაკრების ფეხბურთელებს ახლა უკვე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მართებთ და მათი სახელები ისტორიაში ჩაიწერება.
რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე გუნდზე
ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალში მაკედონიამ შეძლო და კოსოვოს ეროვნული ნაკრები 2-1 დაამარცხა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების უდიდეს ძალას 37 წლის იტალიური „ჯენოას“ შემტევი გორან პანდევი წარმოადგენს. მას იტალიის „სერია A”-ში გამოსვლის 17-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.
ასევე არ შეიძლება ელიფ ელმასის უყურადღებოდ დატოვება. ისიც იტალიის უმაღლეს ლიგაში ირჯება და „ნაპოლის“ შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრია.
ისტორიულ შედეგამდე ერთი ნაბიჯი რჩება
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთი შეხვედრის მოგება დარჩა, რათა ყველა თაობის ქართველი ფეხბურთელის ოცნება აასრულოს. 12 ნოემბერს ეროვნული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ნაკრებებს შორის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სულ ორი მატჩი გაიმართა. „ერთა ლიგის“ გათამაშების C დივიზიონში ერთდროულად აღზევებულ გუნდებს შორის გამართული ორივე შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 14 ოქტომბერს ჩატარებული მატჩიდან რთულია არ გამოვარჩიოთ ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბოლო დროს ქართველი გულშემატკივრის მთავარ იმედად იქცა. „კვარამ“ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მეორე ტაიმის შუა ნაწილში, როდესაც ჩვენს გუნდს შემოქმედებითობა დააკლდა, ვლადიმერ ვაისმა ის მოედანზე შეუშვა. აქედან ზუსტად სამ წუთში შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ ხვიჩამ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს არბიტრის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ალიოსკიმ ზუსტად გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ყაზანურმა გუნდმა 15 მილიონ დოლარად შეაფასა. ის ბოლო დროს რუსული კლუბის ვარსკვლავად იქცა. მისი შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული.
12 ნოემბრის ფინალისთვის ვლადიმერ ვაისის ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან. გამონაკლისია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. მისმა ტრავმებმა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სისტემატური სახე მიიღო. თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჩაკვეს“ დანაკლისს ხვიჩა კვარაცხელია შეავსებს.
მოახლოებულ მატჩსა და მის მნიშვნელობაზე „Sputnik–საქართველოსთან“ ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ ისაუბრა.
- რა იქნება საქართველოს ნაკრების კოზირი – იქნება ეს კვარაცხელია, მწვრთნელის ტაქტიკური სვლები თუ სხვა?
- ძალიან არ მინდა ერთპიროვნულად ვინმეზე გავაკეთო აქცენტი. რა თქმა უნდა, კვარაცხელია ძალიან კარგ ფორმაშია და მისი კარგი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ ეს გუნდური სპორტია. არ მინდა ახალგაზრდა ბიჭზე ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება. მეორე მხრივ, აქამდეც ვამბობდით და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი გუნდი გვყავს, უკეთესი ფეხბურთელებით და ამ ეტაპზე ჩვენ უფრო ვიმსახურებთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. ამას ემატება ისიც, რომ სახლში ვთამაშობთ. ყველა ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ფავორიტები ვართ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთია და ამ სპორტში ყველაფერია მოსალოდნელი. მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
- რამდენად იმოქმედებს უმაყურებლობა, შეიძლება ეს მეტოქის უპირატესობად ჩაითვალოს?
- რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად უპირატესობაა, მაგრამ მე ვფიქრობ კონკრეტულ თამაშზე ამან განსაკუთრებული გავლენა არ უნდა მოახდინოს. უბრალოდ ერთი მატჩი უნდა ითამაშო და მოიგო.
- ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე აკლია...
- ფეხბურთი ტრავმებისკენ მიდრეკილი სპორტია და ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის. გიორგის რაც შეეხება, სამწუხაროა მისი მდგომარეობა, ვურჩევდი მაქსიმალურად ყურადღებით იყოს და თავს მოუაროს.
- რას მოუტანს გამარჯვება ნაკრებს და რამდენად გაზრდის ეს ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესს?
- ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, დღესაც ყურადღების ცენტრში არიან, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ცხადია, კონკრეტულ ფეხბურთელებს, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ, შედარებით მეტი ყურადღება მიექცევათ. ევროპის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია, აქედან გამომდინარე დაინტერესება, შესაძლოა, უფრო დიდი გუნდებისგანაც გაჩნდეს. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება ფინანსური თვალზასრისითაც, ამ მხრივ ფედერაცია რამდენიმე მილიონიან სარგებელს ნახავს, რაც თავისთავად კვლავ ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. რაც მთავარია, გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ზოგადად ქართული ფეხბურთის იმიჯზე აისახება.
წილისყრის შედეგად ბედმა გაგვიღიმა და ჩვენი ნაკრები, როგორც ბელარუსთან, ამ შეხვედრასაც მასპინძლის რანგში გამართავს. შეხვედრას დიდი ემოციური მუხტი და დაძაბულობა ახლავს თან. ასეთი შანსი საქართველოს ნაკრებს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს ჰქონია. ფეხბურთს და, ზოგადად, სპორტს კი ქართველი ერი არაერთხელ გაუერთიანებია, ამას ისტორიაც მოწმობს.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის. ფინალში ასევე ჩართული იქნება VAR სისტემა.