საეკლესიო კალენდარი: 8 ნოემბერი

გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის და ღირსი ათანასე მიდიკიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე)

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში.

1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს. ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

დოლისყანის ტაძარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 7 ნოემბერი

პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედვლად და მასვე მიენდო აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა, შეთავსებით ის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა (1856 წლის 26 თებერვლიდან) და ეპისკოპოსისა (1862 წლის 4 მარტიდან), როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებისამებრ დააფასა და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა.

1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს ორგზის (1869-1882 და 1886-1898 წლებში). ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას.

წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. წმიდა ალექსანდრეს ფინანსური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.

ანჩისხატის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 6 ნოემბერი

წმიდა ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით, მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.

მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ დარჩენილა მხცოვანი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, „საკუთარი თხოვნის“ საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და „მოსასვენებლად“ თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით მის მიერვე აღდგენილ შიო-მღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში.

მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 5 ნოემბერი

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე

წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა.

თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნის ნაცვლად ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთან შეურიგებელ ბრძოლას შეუდგა.

ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 4 ნოემბერი

როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო.

306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეული წმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს.

ღირსი ათანასე მიდიკიელი

ღირსი ათანასე მიდიკიელი ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერული ცხოვრების სიყვარულით მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, მაგრამ მამამ ძალით დააბრუნა შინ. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდანმა უკვე მშობლის ნებართვით მიაშურა მიდიკიის მონასტერს ბითვინიაში და ბერად შედგა. წმიდანი ღირსი ნიკიტას თანამოღვაწე იყო. გარდაიცვალა დაახლოებით 814 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0