Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე
წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით - ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის.
არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ. ომირიტების (სამხრეთ არაბეთში, არაბეთის ყურესთან მოსახლე ხალხი) მეფემ, იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი, ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად.
დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა - ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს.
უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა არეთა, ერთი ცნობით, მახვილით განგმირეს.
ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე
ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის მეფობის ჟამს ცხოვრობდა. კეთილმსახურმა ხელისუფალმა, რომელიც ძალიან შეაწუხა მართლმორწმუნეთა გაუთავებელმა ხოცვა-ჟლეტამ, უღმრთო დუნაანს ომი გამოუცხადა, მაგრამ მისი ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ელეზვოის სურდა, შეეტყო, თუ რა იყო დამარცხების მიზეზი და ზეგარდამო შთაგონებით ერთ დაყუდებულ ბერს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წმიდანს განუცხადა, რომ იგი არასწორად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით დუნაანზე შურისძიება გადაწყვიტა,. განდეგილმა ნეტარ ელეზვოის ურჩია, დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის, არამედ ღვთის მოწყალების იმედით დაეწყო და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმიდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ურჩია, საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისათვის მიეძღვნა. წმიდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმიდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა. ნეტარი ელეზვოი გარდაიცვალა დაახლოებით 553-555 წელს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი არაბთა მეფემ, დუნაანმა აწამა VI საუკუნეში. სვინკლიტიკია (რაც სენატორის მეუღლეს ნიშნავს) დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, რის შემდეგაც კეთილგონივრულად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა და ასულებსაც მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. უსჯულო დუნაანის მიერ ნეგრანელ მართლმორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტის დროს, სხვა აღმსარებლებს შორის მის წინაშე სვინკლიტიკიაც წარადგინეს თავისი ქალიშვილებით. ხელისუფლის ბრძანებით ჯერ სვინკლიტიკიას ასულები მოკლეს და მათი სისხლი ძალით ჩაასხეს პირში დედას, შემდეგ კი თავად მასაც თავი მოჰკვეთეს.
დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა "ყოველთა მწუხარეთა სიხარული"
ხატი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება, მასზედ არის წარწერა: „შიშველთა სამოსელი, სნეულთა მკურნალი“. ამ ხატმა XVII ს-ში რუსეთის პატრიარქის და – ეფემია განკურნა, რომელიც გაურკვეველი სნეულებით იტანჯებოდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.