ყოველი მათგანის მიღმა გათენებული ღამეები, რისკი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც მათ ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ..
დღეს გვინდა გაგაცნოთ მზია ჩხაიძე, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი, რომელიც როგორც დარგის პროფესიონალი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიაში ჩამოყალიბდა. პროფესიული განათლება თავის დროზე, მაშინდელ ლენინგრადში მიიღო. გაეცანით ბათუმელი ქალბატონის ცხოვრების ისტორიას...
- ქალბატონო მზია, თქვენ მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი ხართ, მსგავსი სპეციალობის ადამიანები ქვეყანში დღეს ცოტაა…
- დიახ, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი ვარ და დღეს მართლაც ერთეულები არიან ჩემი სპეციალობის ადამიანები. მაშინდელი ლენინგრადის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დავამთავრე მაგისტრის კვალიფიკაციით. ეს სფერო იმ დროს ძალიან არააქტუალური, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იყო. მოლეკულური ბიოლოგია და ე.წ. PCR ტესტირება დღესაც ძალიან ძვირადღირებულია და ამიტომ მედიცინაში ძნელად ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური მეთოდია.
- საინტერესოა, რატომ აირჩიეთ იმ დროისთვის, როგორც ბრძანეთ, ასეთი არააქტუალური სფერო?
- როგორ მივედი აქამდე? - ეს გრძელი ისტორიაა, მაგრამ შევეცდები მოკლედ მოვყვე. ყველა დროში ძალიან მიტაცებდა იურისპრუდენცია. თუ რატომ, პატარა ამბავს მოგიყვებით: ბაბუას ჰყავდა ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და იმ დროში მანდილოსნებისთვის იშვიათი პროფესიის მქონე მეგობარი ქალბატონი, სახელად ჟენია, სამწუხაროდ, მისი გვარი არ მახსოვს. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს მისი ჭორფლიანი, სანდომიანი ლამაზი სახე და წითური თმები. ისიც მახსოვს, რომ „ზაპოროჟეცი“ რომ ერქვა ჩვენს ბავშვობაში, აი, იმ პატარა მანქანით დადიოდა და თან იარაღს ატარებდა. საღამოობით ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. სანამ ბებო ჩაის ან ვახშამს გაამზადებდა, გვერდით დამიჯდებოდა და მისი ცხოვრებიდან პატარ-პატარა, ზღაპარივით საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა. ეს ამბები ძალიან მხიბლავდა და მიტაცებდა. ვოცნებობდი, რომ მისი სფერო საფუძვლიანად შემესწავლა და ის ჩემი ცხოვრების პროფესიად და ნაწილად მექცია.
- ოჯახში თუ მოგიწონეს არჩევანი?
- მამას ჩემი არჩევანი არასდროს მოსწონდა და სკოლა რომ დავამთავრე, N1 სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად ლენინგრადში წამიყვანეს. ეს გზა ალბათ ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთი წელი აქ მამზადებდნენ რეპეტიტორებთან, შემდეგი ერთი წელი კი პეტერბურგში დავდიოდი და გაკვეთილებს ცნობილი პროფესორ- მასწავლებლებისგან ვიღებდი. სამწუხაროდ, ვერ ჩავაბარე, ქულები არ მეყო. ფიზიკაში მამზადებდა ლიდია პავლოვნა დობროვოლსკაია - ლენინგრადის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი. სწორედ მან შემომთავაზა იდეა – ხომ გინდოდა იურისტი გამხდარიყავი, ამ სპეციალობით კი კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში შეძლებ მუშაობასო. ასე დავუახლოვდი ჩემს ბავშვობის ოცნებას. ლენინგრადის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის/ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. ეს უძლიერესი უმაღლესი სასწავლებელია და ბედნიერი ვარ, რომ მე იმ დროისთვის ცნობილი და აღიარებული პროფესორ-მასწავლებლები მასწავლიდნენ.
- პროფესიული განათლება სად გაიღრმავეთ?
- ჩემს ცხოვრებაში იყო პეტერბურგის გრიპის ინსტიტუტი, სადაც მთელი წელი ვმუშაობდი, მაგრამ როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, ჩემს უსაყვარლეს და უნიჭიერეს, უძვირფასეს ადამიანებთან და მეგობრებთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიაში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. ეს არის მართლაც უძლიერესი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს სამედიცინო სფეროში გააჩნია.
- თქვენი, როგორც ვირუსოლოგის რჩევა-რეკომენდაციები როგორი იქნება?
- რაც შეეხება ამ დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებს, მე ახალს ვერაფერს გეტყვით. ისევ ბატონ პაატა იმნაძის რეკომენდაციებს შეგახსენებთ: ხელების ჰიგიენა, პირბადის ტარება და დისტანცია. არ არსებობს მთელ მსოფლიოში განსხვავებული და რაიმე გამორჩეული წესები ნებისმიერი ვირუსული ინფექციების დროს. უნდა დავემორჩილოთ ისევ იმ კლასიკას, რასაც ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ უძველეს დროში, შეიძლება გაუცნობიერებლად და შინაგანი ინტუიციითაც კი იყენებდნენ.
- სტუდენტობის დროინდელი მოგონებებიდან სახელად „ეს იყო პეტერბურგში“, რომელი ამბავი შემორჩა თქვენს მეხსიერებას?
- სანქტ-პეტერბურგი ოცნების ქალაქია, სადაც ახლაც ხშირად დავსეირნობ ხოლმე, ოღონდ, რა თქმა უნდა, სიზმრებში... დავდივარ დოსტოევსკის იდუმალებით მოცულ „ფონტანკაზე“. ნამდვილად შთამბეჭდავია ამ ღია ცისქვეშ გადაშლილი მუზეუმის მარგალიტი, უმდიდრესი არქიტექტურის მქონე ნევის პროსპექტი, მაგრამ ჩემი სტიქია და სიყვარული ქალაქში არსებული პატარა ხიდები იყო. ყველა მათგანს თავისი სახელი და ისტორია, თავისი განუმეორებელი არქიტექტურა აქვს. წვიმიან დღეებში დავიჭერდი ხელში ქოლგას და დავსეირნობდი. სტუდენტობის ექვსი წელი ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. სად აღარ დავდიოდი – ოპერა, ბალეტი, კინო, თეატრი, მუზეუმები, ცნობილი ლენინგრადული ნაყინი და სანაყინეები. გამორჩეულ მოქალაქეებთან ერთად მახსოვს ქალაქის ულამაზესი გარემო, უმაღლესი კულტურა და არქიტექტურა… დიახ, ეს ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში და „ეს იყო პეტერბურგში“...
- რას ნიშნავს ბათუმი თქვენს ცხოვრებაში და ვის გაიხსენებთ თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი ქალაქიდან?
- ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც გახდა ბოლო წლებში, აშენებული და გალამაზებული. მომწონს გრანიტით მოკირწყლული მისი ქუჩები, ძველი შენობების განახლებული და სახეშეცვლილი ფასადები. დიდ სიმდიდრედ მიმაჩნია ბათუმის ზღვისპირა ბულვარი. ძველ ქალაქში გადაადგილების დროს ძალიან მომწონს, როცა ზღვას ვუყურებ… ცნობილი ადამიანები ისედაც პოპულარული და ცნობადია ხოლმე, განსაკუთრებით ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ბათუმია. სიამოვნებით გავიხსენებ ქალბატონ ჟორჟეტა ნასყიდაშვილს, იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობდა. ეს ქალბატონი მცენარეთა დაცვისა და იმუნიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ბრძანდებოდა. ძალიან ჭკვიანი, ეროვნული სულის მქონე და ბრძენი ქალბატონი გახლდათ. მისგან ვისწავლე ბევრი სიკეთე და სიბრძნე, მაგრამ ცხოვრებაში ყველა მათგანი ვერ გამოვიყენე, რასაც ძალიან ვნანობ. თუმცა ბევრი რამით ნამდვილად ვიხელმძღვანელე. ძალიან მინდა, რომ ეს ქალბატონი მოვიგონო, მის ხსოვნასა და სახელს ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა მივაგო…
- ბოლოს, ნათქვამია, სენმა თქვა, მე მხოლოდ ადამიანების მცირე ნაწილს მოვერიე, დანარჩენი შიშმა მოკლაო… როგორ დავიცვათ თავი შიშისგან?
- ასეთები გადაუტანია კაცობრიობას? რთულია ქართული მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის იმ წესებით ცხოვრება, რასაც დღეს გვთავაზობს სამყარო და ბუნება, მაგრამ შიში რას მიქვია?! უნდა გავუძლოთ და ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდეთ. მთავარია, დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად ვიცხოვროთ. შიშმა არ უნდა შეგვიპყროს და პანიკამ არ მოგვიცვას! შეძლებისდაგვარად გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, დავეხმაროთ და ერთმანეთი უკეთესის მოლოდინში გავამხნევოთ. ვიცხოვროთ უფლისა და მომავლის იმედით და ისეთი პატივისცემით, როგორც ჩვენ წინაპრებს უცხოვრიათ, რათა ღირსეულად დავამარცხოთ კაცობრიობის ის დიდი პრობლემა, რასაც „კორონავირუსი“ ჰქვია...