მდინარაძე: ხმების გადათვლის შედეგად „ქართული ოცნების" შედეგები გაუმჯობესდა

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში პოლიტიკური ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. 19 საარჩევნო უბნის გადათვლის შედეგად არანაირი გაყალბების კვალი და მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მთავრობის ონლაინ–სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოთქვა

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. საოლქო კომისიების სხდომები თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც.

მდინარაძის განცხადებით, ცესკომ 19 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალა და არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა არჩევნების გაყალბების ფაქტი.

„რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ხმების გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა კიდეც. შემიძლია გითხრათ, რომ, მაგალითად, ბათუმში იყო უბანი, სადაც მხოლოდ მმართველ პარტიას ჰქონდა ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები, 13 ხმაზეა საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხმების გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთაც პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. 

აქცია - Sputnik საქართველო
აქციები და პანდემია: საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, ახალი შეზღუდვები დააწესოს

„ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბის დამტკიცებას ისევ სიყალბით ცდილობს და ამის ერთ-ერთი მაგალითია სოციალურ ქსელში მათ მიერ დაფინანსებული გვერდი – „გაყალბებული ოქმები“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საარჩევნო ოქმებში უზუსტობები ტექნიკური და მექანიკური ხასიათისაა. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0