კობახიძე: მანდატები შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს

© photo: Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიძლება ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პროცესის დემოკრატიული ფორმით განვითარებისთვის, აღნიშნა კობახიძემ

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თუ პოლიტიკური პარტია უდიერად ეპყრობა თავისი ამომრჩევლის ნებას, ასეთ დროს საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სამართლისმცოდნე მინდია უგრეხელიძის ინიციატივასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„პასუხს ოპოზიცია აგებს“ – კობახიძე მონოპარტიული პარლამენტის პერსპექტივაზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მინდია უგრეხელიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ შესაძლებელია „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატები, რომლებიც უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილდეს.

უგრეხელიძის განცხადებით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, დასჭირდება მხოლოდ საარჩევნო კანონის შეცვლა და ასეთ შემთხვევაში მივიღებთ „საინტერესო პარლამენტს“.

„მინდია უგრეხელიძემ ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მინიჭებულ მანდატებზე, ასეთ დროს საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს, რომლებიც სათანადოდ ეპყრობიან თავიანთი ამომრჩევლების ნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ძალზე საინტერესო შეიძლება იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რაც „ესოდენ მნიშვნელოვანია პროცესის დემოკრატიული ფორმით განვითარებისთვის“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია ოპოზიციის შესახებ: თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან

უგრეხელიძის განცხადებით, თუ მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იდეალური პარლამენტი. „ეს იქნება ექვსპარტიული პლურალისტური პარლამენტი. სადაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“... არაჩვეულებრივად საინტერესო მრავალპარტიული პარლამენტი გამოდის. ეს არაა შემთხვევითი პარტიები, მათ აქვთ გამოცდილებაც და ძალაც“, - აღნიშნა უგრეხელიძემ და დასძინა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა დაიხსნან „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

სუს–ის შენობა - Sputnik საქართველო
შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით: სუს-ში გამოძიება დაიწყო

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. 

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საარჩევნო ოქმებში უზუსტობები ტექნიკური და მექანიკური ხასიათისაა. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0