თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ცხრა პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება იყო, პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური უფლების შესაბამისი არჩევნები, თუმცა, არსებობდა ხარვეზებიც, რომლებსაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
„ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ხარვეზები არსებობს იმისთვის და დემოკრატიული განვითარება არსებობს იმისთვის, რომ მსგავს ხარვეზებს ვუპასუხოთ შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით. ხარვეზები, რომელიც არსებობდა, უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით საქართველოში არჩევნებზე დასწრება და მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.
„არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში ჩვენმა მოქალაქეებმა ცხრა პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციებით, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენებით, ვირუსის გავრცელებისა და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანით. თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტმა: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საარჩევნო ოქმებში უზუსტობები ტექნიკური და მექანიკური ხასიათისაა. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.
„პატრიოტთა ალიანსი“ 9 ნოემბერს ქუთაისში დაგეგმილ აქციას აუქმებს>>
ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.