თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 619 ნიმუშიდან 280-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 166 დაფიქსირდა ზუგდიდში, 14 – ჩხოროწყუში, 10 – ფოთში, 8 – სენაკში, 7 – წალენჯიხაში, დანარჩენი შემთხვევები აფხაზეთს უკავშირდება.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 152 კოვიდ–პაციენტი, აქედან 50-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის კი მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 123 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი, გარდაიცვალა 401 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია