თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღები დროებით იხურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე იქნება დახურული.
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>
აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ხვალიდან ბაღებში დროებით შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდა.
კერძოდ, სავალდებულო გახდა პირბადის გამოყენება ღია სივრცეებში, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა 381 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.