თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ნოემბრიდან სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება ღია სივრცეებში, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
საწოლების რაოდენობა საქართველოში შეიძლება გაიზარდოს>>
მუშაობის შემცირებულ გრაფიკზე – 22:00 საათამდე რესტორნები და ბარები თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გადავიდნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაწესებულებებში ჩატარებული ღონისძიებების დროს დაინფიცირებულების რაოდენობა მაღალია, მთავრობამ ამ შეზღუდვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესება გადაწყვიტა. შესაბამისად, შესწორებები 23 მაისის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ 4 ნოემბერს, 22:00 საათზე ამოქმედდება.
პირბადე ყოველთვის და ყველგან
დღეიდან პირბადის ტარება აუცილებელი ხდება არა მხოლოდ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტსა და ტაქსიში, არამედ ქუჩაშიც.
- ოფიციალურ ვებ-გვერდზე StopCov განთავსებული მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 44 522 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა 362 პაციენტი.
როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისა და გადაადგილების გამო მოქალაქე დაისჯება 20 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო შენობის მფლობელი, სადაც დარღვევა მოხდება, 500 ლარით დაჯარიმდება.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პირბადის ტარება, მან სპეციალური ცნობა უნდა მიიღოს სამედიცინო დაწესებულებაში და მოთხოვნის დროს წარადგინოს.
სწავლა სახლიდან
საქართველოს სკოლებში სწავლა შერეული მოდელით (საკლასო ოთახებსა და დისტანციურად) მიმდინარეობს.
დისტანციურ სწავლებაზე 4-დან 25 ნოემბრამდე გადადიან სკოლები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, აჭარის რეგიონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ეს მობილობის პრევენციისა და ამ ქალაქებში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო კეთდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
რა შეზღუდვები მოქმედებს დღემდე:
- შეზღუდვები მოქმედებს რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე. რეგულარული რეისები ჯერჯერობით აღდგენილია 13 ქალაქში.
- აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით დახურულ და ღია სივრცეებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართვა
- აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, იუბილეების, ქალეხების (10-ზე მეტი ადამიანი) გამართვა
- მთლიანად შეჩერებულია ღამის კლუბების მუშაობა
- დაკეტილია კინოთეატრები, თეატრები, საბავშვო გასართობი ცენტრები
- თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა 19 ოქტომბრიდან ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში, თეორიული სწავლება კი დისტანციურად განაახლეს.
ლოკდაუნი არ იქნება
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიური ვითარება გაუარესდა, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებისა და საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისგან, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება.
ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღეში სამი–ოთხი და, შეიძლება, ხუთ ათასამდე ზრდაც კი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სწორედ ეს აქციები და შეკრებები გახდა COVID-19-ის გავრცელების წყარო. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არავის შეუძლია პოლიტიკური პროცესის აკრძალვა, მაგრამ მოსახლეობამ არსებული რეგულაციები უნდა დაიცვას.
„ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.