თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება>>
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
გამყრელიძე ბოლო დღეებში გამართულ საპროტესტო აქციებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აქციებზე, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, აუცილებელია პირბადის გამოყენება.
„აქციას, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ვერავინ აკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არსებობს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გააპროტესტა. მათ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს და საპროტესტო აქციები დააანონსეს.
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა მოითხოვეს.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ>>
ბოლო მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური ჩატარდება თბილისის ყველა ოლქსა და რეგიონების რვა ოლქში.